მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში დაასახელეს
1788441240
ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის აეროპორტებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე.
„2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებლებით უმასპინძლა მგზავრთნაკადს, 8.5 მილიონი მგზავრი - ეს არის ის მოცულობა და ის რაოდენობა მგზავრთნაკადის, რომელსაც ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს უმასპინძლა. ამავდროულად, რეკორდული იყო მგზავრთნაკადის კვალდაკვალ ასევე შესრულებული რეისების რაოდენობა და საგულისხმოა ისიც, რომ საჰაერო გზით გადაყვანილი და გადატანილი ტვირთების რაოდენობაც 54%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა, მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო სექტორში არსებულ ზრდას ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
„მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ. ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც ჩვენ სრულიად ახალ, 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე, ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების საჰაერო ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, მათ განვითარებას.