„ყველაზე ინტენსიური და ემოციურად რთული დღეა, დიდი გამოცდა გველოდება...“ - 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

21 ივლისი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და ემოციურად რთული დღეა ივლისის თვეში.

დღის ენერგეტიკა ორ სრულიად განსხვავებულ ნაწილად გაიყოფა, თუმცა ყველაზე დიდი გამოცდა სწორედ დღის მეორე ნახევარში გველოდება. მიუხედავად ამისა, ეს დღე მხოლოდ სირთულეებს არ მოაქვს - ის გვაძლევს შანსს, შევამოწმოთ ჩვენი შინაგანი სიმწიფე, ემოციების მართვის უნარი და გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე.

თბილისის დროით 17:35 საათამდე მთვარე სასწორის ნიშანში იქნება, რაც ბუნებრივად გვიბიძგებს ჰარმონიის, სამართლიანობისა და ბალანსისკენ. მაგრამ ამავე დროს მზესთან დაძაბული ასპექტი შინაგან წინააღმდეგობას გააძლიერებს. შესაძლოა ერთმანეთთან დაპირისპირდეს გონება და გრძნობა, მოვალეობა და სურვილი, ლოგიკა და ემოციები.

დღეს ბევრს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ, არ ესმით ან უსამართლოდ ექცევიან. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხშირად სხვებისგან სწორედ იმას ვითხოვთ, რაც პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მივანიჭოთ - შინაგანი უსაფრთხოების განცდა, სიმშვიდე, საკუთარი თავის მიღება და სტაბლური საყრდენი.

დაძაბულობას კიდევ უფრო გააძლიერებს ქირონის მონაწილეობა, რომელიც მთვარესა და მზესთან ერთად ტაუ-კვადრატს ქმნის. ქირონი ყოველთვის ეხება ჩვენს ყველაზე მგრძნობიარე ადგილებს, ამიტომ შესაძლოა მოულოდნელად გააქტიურდეს ძველი წყენები, მტკივნეული მოგონებები, დაუმთავრებელი ურთიერთობები ან წარსულის ემოციური ტრავმები. ზოგიერთს შეიძლება შეხვდეს კრიტიკა, გაუგებრობა ან მწვავე უთანხმოება.

ამ დროს მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ რეალური სიტუაცია შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, ვიდრე იმ მომენტში ემოციურად აღვიქვამთ. სწორედ ამიტომ დღის პირველ ნახევარში სასურველია არ დაინიშნოს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, პასუხისმგებლიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება ან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მომავალზე დიდ გავლენას ახდენს. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, დროებით ჩაანაცვლონ საღი განსჯა.

17:35 საათის შემდეგ მთვარე მორიელის ნიშანში გადავა, სადაც მისი ემოციური ენერგია გაცილებით მძაფრად ვლინდება. ამავე დროს ტაუ-კვადრატი კიდევ უფრო რთულ -დიდი ჯვრის კონფიგურაციად გარდაიქმნება, რადგან პროცესში პლუტონიც ერთვება.

პლუტონი ძალაუფლების, სიღრმისეული გარდაქმნის, კრიზისებისა და ფსიქოლოგიური სიღრმეების პლანეტაა. ამიტომ საღამოს საათებში ემოციური ფონი შესაძლოა საგრძნობლად დამძიმდეს. პარალელურად, მთვარის დაძაბული ასპექტი იუპიტერთან სოციალურ თემებსაც გაააქტიურებს.

ამ პერიოდში სასურველია მოერიდოთ კონფლიქტებს ხელმძღვანელებთან, გავლენიან ადამიანებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან ან ნებისმიერ სიტუაციას, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება დაიწყოს. ეს არ არის საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის საუკეთესო დრო.

გლობალურ დონეზეც დღე საკმაოდ დაძაბულად გამოიყურება - შესაძლოა მოვისმინოთ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები, გაიზარდოს საზოგადოებრივი დაძაბულობა და საპროტესტო განწყობა.

საღამოს იზრდება ავარიების, ტრავმებისა და სხვადასხვა შეფერხების ალბათობაც. მგზავრობა შეიძლება დაგვიანებებით ან მოულოდნელი დაბრკოლებებით წარიმართოს, მოლაპარაკებები კი რთულად განვითარდეს ან გადაიდოს. უმჯობესია სხვა დროისთვის გადაიტანოთ მსხვილი შესყიდვები, სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებები და ნებისმიერი მაღალი რისკის შემცველი მოქმედება.

ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ ჩაერთოთ სხვის ემოციურ დრამაში და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ აგრესიულ ადამიანებსა და სახიფათო გარემოს.

მიუხედავად ასეთი დაძაბული ასტროლოგიური სურათისა, 21 ივლისს ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს. მსგავსი ენერგიები იმისთვის აქტიურდება, რომ გვაჩვენონ, რამდენად ვისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა და რამდენად შევძელით შინაგანი სტაბილურობის შენარჩუნება.

ადამიანის ნამდვილი ძალა მაშინ არ ჩანს, როდესაც ყველაფერი მშვიდადაა. ის სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც ირგვლივ ძლიერი ემოციები მძვინვარებს, თავად კი შინაგან სიმშვიდეს, ღირსებასა და საღ აზრს ინარჩუნებს.

თუ შეძლებთ ამ დღის მშვიდად გავლას, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილის, ნაჩქარევი დასკვნებისა და იმპულსური რეაქციების გარეშე, დიდი ალბათობით სულ რამდენიმე დღეში დაინახავთ, რომ ბევრი დღევანდელი პრობლემა სინამდვილეში გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იმ მომენტში ჩანდა.

თბილისის დროით 13:35 საათიდან იწყება მერვე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა ფენიქსი - ფრინველი, რომელიც ფერფლიდან ხელახლა იბადება. ეს დღე ასოცირდება გარდაქმნასთან, განახლებასთან და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასთან.

დღის ენერგია ხელს უწყობს ძველის გათავისუფლებას და ახლის მიღებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მუშაობა ცეცხლის სტიქიასთან. სანთლის ალი შეიძლება სიმბოლურად იქცეს იმ სივრცედ, სადაც ვუშვებთ ყველაფერს, რაც უკვე ამოწურულია - წყენას, შიშს, ძველ ჩვევებს, დამღლელ ურთიერთობებსა თუ შეზღუდულ რწმენებს. ცეცხლის ენერგია გვეხმარება სასოწარკვეთა გარდაიქმნას იმედად, ტკივილი - ძალად, ხოლო დაღლილობა - ახალ შთაგონებად.

დღე ასევე იდეალურია მედიტაციისთვის, დღიურის წერისთვის, საკუთარი ცხოვრების გაანალიზებისა და შინაგან სამყაროსთან კავშირის გასაძლიერებლად.

მერვე მთვარის დღე ხელს უწყობს მეორე შანსსაც. თუ რაიმე პირველ ცდაზე არ გამოვიდა, ახლა შეგიძლიათ კვლავ სცადოთ - იქნება ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ახალი იდეა თუ ყოველდღიური საქმე.

სასურველია, დღის განმავლობაში მადლიერებაც გამოვხატოთ იმ ყველაფრის მიმართ, რაც უკვე გვაქვს, რადგან სწორედ მადლიერება ქმნის სივრცეს ახალი შესაძლებლობებისთვის.

გისურვებთ, ეს ძლიერი დღე შინაგანი სიმშვიდით, სიბრძნითა და ღირსეულად გაიაროთ. გახსოვდეთ, ფენიქსის მსგავსად, ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნა ხშირად სწორედ რთული პერიოდების შემდეგ იწყება.