„მზე თავისი ბუნებრივი 11-წლიანი ციკლის აქტიურ ფაზაში შევიდა...“ - ძლიერმა მზის აფეთქებამ 5 კონტინენტზე რადიოკავშირი გათიშა - ფოტო

მზის აფეთქება

ოთხშაბათს, 14 მაისს, მზეზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, მათ შორის იყო წლის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა. ამ ორმა მზის შტორმმა, თავის მხრივ, ხუთ კონტინენტზე მოკლეტალღოვანი რადიოსიგნალის გათიშვა გამოიწვია. მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან მზის აქტივობის ზრდის ნიშნებს. ამის შესახებ ინფორმაციას interestingengineering.com ავრცელებს.

მოკლეტალღოვანი რადიოკავშირის გათიშვა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 14 მაისს, კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრმა აღმოსავლეთის დროით დილის 04:30 საათზე ძლიერი X2.7 აფეთქება დააფიქსირა, რაც უფრო ადრე მომხდარ, უფრო სუსტ M5.3 აფეთქებას მოჰყვა.

NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ მოვლენის განსაცვიფრებელი სურათი გადაიღო, რომელზეც X კლასის აფეთქება მზის ზედაპირიდან ამოფრქვეული ცეცხლოვანი ნაპრალის სახით ჩანს.

სინოპტიკოსმა შონ დალმა აღნიშნა, რომ X2.7 აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მზე ახლო აღმოსავლეთს თავზე იმყოფებოდა, რამაც ქარიშხლის პიკზე რეგიონში მაღალი სიხშირის რადიოსიგნალების შეფერხება გამოიწვია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში:

„მოკლე ტალღის შესუსტების ზოგიერთი პრობლემის გამო [მაღალი სიხშირის] კომუნიკაციის გაუარესების შესაძლებლობის გარდა, ჩვენთვის უცნობია სხვა სავარაუდო ან შესაძლო შედეგები.“

ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ ასეთი ძლიერი მზის შტორმები საფრთხეს უქმნის კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს და შეიძლება ხელი შეუშალოს GPS სისტემებისა და თანამგზავრების მუშაობას.

როდესაც ეს ამოფრქვევები დედამიწისკენ არის მიმართული, მათ შეუძლიათ რადიოკომუნიკაციების შეფერხება და ელექტროქსელის გათიშვაც კი გამოიწვიონ, რადგან დამუხტული ნაწილაკების ნაკადები პლანეტას ეჯახება.

მეცნიერების თქმით, მზე ახლა თავისი ბუნებრივი 11-წლიანი ციკლის განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში მზის შტორმები უფრო მეტადაა მოსალოდნელი.