„მერყეობის გამო შესაძლოა გარშემო მყოფებმა გაგრიყონ...“ - 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

დროში მოგზაურობის ჰოროსკოპი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2026 წლის ტენდენციებზე წერს:

ახლოვდება 2026 წელი და გთავაზობთ დაპირებულ პროგნოზს. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც განხილული მაქვს ყველა მნიშვნელოვანი პლანეტარული გადასვლა - ,,ინგრესია“ და მათი გამოვლინებები, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ - ფსიქოლოგიურ ჭრილში. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე წერილობითი ფომრატით გაწვდით აღნიშნულს.

„I. საუბარს დავიწყებ მცირედი ნუმეროლოგიური ხაზით, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ რიცხვებს კიდევ სხვა მისტიკური ძალა აქვთ, შესაბამისად არც დამდეგი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი! არც მეტი არც ნაკლები, 2026-ის ციფრთა ჯამი გვაძლევს 10-ს. 10 კი ერთ ციფრთა რომ დავიყვანოთ მიღებთ ერთს.

1 - ერთიანის ბუნება თავიდან ბოლომდე ლიდერობითაა დატვირთული. ის ყველაფრის საწყისი და მამოძრავებელია. აუცილებლად, ეს ითვლება მამაკაცურ ენერგიად, რომელიც მოითხოვს შეტევას, იერიშს და აქტიურობას!

ერთიანის წელს, ხშირად, მოაქვს: ახალი ციკლის გახსნა, ინიციატივები, სურვილი დამოუკიდებლად მოქმედების, ახალი პროექტების წარმოების, რისკიანობის, სიჩქარის და სხვა ...

დასახული უნდა იყოს მიზნის მიღწევა და მისკენ სავალ გზაზე დადგომა! ამ ციფრის ქვეშ დაბადებულებიც მაქსიმალისტები და ბუნებით მმართველები არიან! დიდი მნიშვნელობა ექნება კადრებს, რადგანაც სწორედ ისინი წყვეტენ გზებს!

ერთიანების მინუსია: ეგოცენტრიზმი, ამპარტავნება, უაზროდ დიდი რისკიანობა, სიჯიუტე და დიქტატურა.

II. აღმოსავლეთში კი შემოდის ჩინური ცხენის წელი. იქაა სტიქიური ელემენტებიდან 5 ელემენტი: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი.

ორი ენერგოგანხრა გვაქვს:

ინი - მიმღები, რბილი.

იანი - აქტიური, მოქმედი.

2026 - იანის ცეცხლის ენერგიაა.

ცხენი, ისედაც თავისი ხასიათით ცეცხლის ენერგიას ატარებს და სტიქიურადაც ახლა ცეცხლი ორმაგ კომბინაციაში ითვლება.

ცხენი - ეს თავისუფლების, აქტიურობის, შემოქმედებითობის, ქარიზმატულობის და სისწრაფის სიმბოლოა. საკმაოდ გაბედული და ლიდერული ცხოველია. გამოდიან შესანიშნავი არტისტები, მსახიობები, ჟურნალისტები, ორატორები, სპორტსმენები, ხელოვანები, მეწარმეები და ა.შ. მათი სისუსტეა - მოუთმენლობა, ხან და ხან, დაფუქირებლობა (ენა წინ უსწრებს), ზოგჯერ ემოციური ფეთქებადობა.

2026 წელს აუცილებლად ადამიანები უნდა იყვნენ მოძრავები, საქმეში გაუმართლებთ მათ, ვინც იქნება აქტიური და პარალელურად - დაკვირვებული. ეს წელი ნელი, ზოზინა ადამიანების არ არის, მათთან მატარებელი ბევჯერ ჩაივლის და შანსებს დაკარგავენ.

ეს იქნება ,,წითელი ცხენის’’ წელიწადი, რომელიც დაიწყება მომდევნო წლის 17 თებერვალს, 16:02 საათზე, ემთხვევა იგი ახალმთვარეობას და სწორედ მანდედან აიღებს ეს უკანასკნელი სტარტს.

ფერებში დომინანტურია წითელი, ამიტომ გადაჭარბებულად ამ ფერის ტარებას არ გირჩევთ, რადგანაც ზოგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს უფრო მეტ აგრესიას, მაგრამ იქნება შემთხვევები, როცა პირიქით უფრო წარმატების მომტანიც იქნება იგი. ფერებიდან მისაღებია მეტად ლურჯი და ყვითელი.

ბევრი ადამიანი იყენებს საახალწლო სუფრაზე, ხან ცხენის და ხან რომელი ცხოველის სიმბოლოებს, ფიტულებს და ა.შ. სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამ მექანიზმს არ მივმართავ, არაა საჭირო ამდენი ლოცვები სხვადასხვა ფიგურებისადმი, პირველ რიგში მადლობა უთხარით ღმერთს ყველაფრისთვის და რაც გაკლიათ მოგეცემათ აუცილებლად!

საახალწლო სუფრაზე შეგიძლიათ აანთოთ სამი სანთელი წმინდა სამების სახელზე, უსურვოთ ერთმანეთს სიყვარული, სიკეთე და მომავლის კარგი იმედი! ეცადეთ დრო მხიარულად და ბედნიერად გაატაროთ!

ახლა, რაც შეეხება დასავლური ასტროლოგიის მნიშვნელოვან პლანეტარულ ინგრესიებს და ზოგად ფონს, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და გეოსრატეგიული განხრით:

III. სამყაროს მისიური კვანძები, საუბარი მაქვს მთვარის აღმავალ და დაღმავალ კვანძებზე იცვლიან ნიშნებს და ამჯერად, 2026 წლის 18 აგვისტოდან, 2028 წლის 7 მარტამდე იმოძრავებენ მერწყული-ლომის ღერძზე.

ეს მეტად საგულისხმო გადასვლაა, რამეთუ მთვარის ჩრდილოეთი და სამხრეთი კვანძები პირდაპირ მინიშნებას იძლევიან, თუ რა ხაზითაა ახლა მოძრაობა საჭირო, რაზე უნდა გამახვილდეს დიდწილად აქცენტი და როგორ შეგვიძლი ვმართოთ სადავეები.

აღმავალი კვანძი მერწყულში - ეს პირდაპირი გამოძახილია იმისა, რომ ახლა დროა მეტი ყურადღება დაეთმოს ჯგუფურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახის ასოციაციურ გაერთიანებებს, საფუძველი ჩაეყრები კოლექტიურ პროექტებს და ყველა ის ადამიანი იქნება წარმატებული, რომელიც ხაზგასმით იტყვის ,,ჩვენ“ და არა მხოლოდ ,,მე-ს’’.

ზედმეტი ამპარტავნობა, ეგოცენტრიზმი, სიფიცხე და სიუხეშე უკუგდებული იქნება!

ჩამოყალიბდება ძალიან საინტერესო სოციალური გაერთიანების ფორმები. იქნება ბევრი საჯარო დ სახალხო მსვლელობა, რითაც ხაზი გაესმება ერთიან ძალაუფლებას, არაა გამორიცხული მივიღოთ ისეთი გუნდებიც, რომლებიც მენტალურად იმოქმედებენ ფართო მასებზე და ამით დიდი გაერთიანების წინაშეც დადგება მრავალი ერი. ამ ინგრესიის გამოძახილია ის, რომ გავაცნობიერთო სწორი თავისუფლება, დემოკრატია და ის, რომ საქმე კეთდება ერთიანი ძალისხმევით და არა ცალ-ცალკე.

IV. 2026 წლის ზამთარი და განსაკუთრებით იანვარ-თებერვალი იქნება მეტად ყურადღების ეპიცენტრში. უმაღლესი პლანეტებიდან, ისეთი პლანეტა, როგორიცაა ნეპტუნი საბოლოოდ დაასრულებს თავის 14 წლიან ციკლს თევზების ზოდიაქოს ნიშანში და 2038 წლამდე გადაბრძანდება ვერძის ნიშანში, რაც უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

ნეპტუნი წარმოადგენს - ტრანსცენდენტულობის, იდეალიზმის, სულიერების, შთაგონების და წარმოსახვის პრინციპს. ის ასოცირდება კოლექტიურ ოცნებებთან და მისტიციზმთან, რომელიც გამოხატულია ხელოვნების, ფილმების, მუსიკის, რელიგიის და უტოპიური სოციალური ხედვების, ასევე ქიმიური ნივთიერებების, ბაქტერიების და ვირუსების, არამატერიალურ და უხილავ სამყაროსთან.

ნეპტუნი, დაახლოებით, 2011 წლიდან მოყოლებული მოძრაობდა თავისივე მართვის ნიშანში, ანუ თევზებში, რაც მისთვის ერთობ სასიამოვნო მდებარეობაა. თევზები, ზოგადად, ინფექციური ნიშანია, შესაბამისად ამ ტრანზიტზე მოხდა ის, რაც მოხდა. გვახსოვს კოვიდ 19, ,,კორონა ვირუსი“, ნეპტუნმა წამოწია წინა ხაზზე სულიერი მისტიკური საკითხები, ზოგში რელიგიური ბუნება, ზოგში ეზოთერული საქმიანობა და ა.შ. მოგვცა მძიმე წყალდიდობებიც, მიწის ძვრები, თუმცა იყო ბევრი პოზიტივი და აღმოჩენები, რასაც უნდა გაესვას ხაზი.

ნეპტუნი ვერძში ბოლოს მოძრაობდა 1861-1874 წლებში, მას შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში ნეპტუნთან ერთად ცის კაბადონზე ურანი ტყუპებში იმყოფებოდა, ახლაც 2026 წელს ორივე ეს დიდი ინგრესია გველოდება. ახლაც ნეპტუნი იქნება ვერძში, ხოლო ურანი წავა ტყუპებში.

რაც მაღლა ვთქვი, სუფთა ისტორიული თვალსაზრისით კი, ამ ტრანზიტზე გვახსოვს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი. ამ ომმა ამერიკა დაყო ორ ნაწილად ჩრდილოეთად და სამხრეთად. სახელმწიფო იბრძოდა ძალაუფლებისა და მონობის გაუქმებისთვის. გახსოვთ, ალბათ აბრაამ ლინკოლნი და მისი ცნობილი გეტისბურგის მიმართვა. მონობა კი გააუქმეს შტატებში 1865 წელს!

სხვაგან, მაგალითად შვეიცარიაში წითელი ჯვარი დაარსდა 1863 წელს, ხოლო 1866 წელს დოქტორმა ბარნარდომ დაარსა თავისი სახლი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. უნდა გვახსოვდეს რომ მუშათა ეროვნული კავშირი დაარსდა, ასევე 1868 წელს.

ამ ტრანზიტზე გვქონდა აღმოჩენებიც: შვედმა ქიმიკოსმა ალფრედ ნობელმა გამოიგონა დინამიტი, ხოლო 1869 წელს დიმიტრი მენდელეევმა გამოაქვეყნა ელემენტების ცხრილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფია უკვე არსებობდა პირველი ფერადი ფოტო სამფეროვანი მეთოდის გამოყენებით გაკეთდა 1861 წელს.

ნეპტუნმა ვერძში, არაა გამორიცხული, რომ გამოიწვიოს აბსოლუტურად უაზრო, ცრუ იდეოლოგიური ომებიც კი. დესრუქციულად ეს პლანეტა ავლენს თავის თავს, როგორც სიცრუის, ილუზიიის და არასანდრო წარმოსახვის მომენტებში, ხოლო ნიშნობრივად ვერძი ესაა ლიდერი, ხელმძღვანელი, ამიტომ არაა გამოიცხული, რომ ამ ტრანზიტზე დედამიწამ მიიღოს ცრუ ლიდერი, ვინ იცის მსოფლიოს პრეზიდენტი ან ის ჯგუფები, რომლებიც არასწორი ან ბოროტი წარმოდგენების მსხვერპლნი არიან.

დადებითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ ბევრი მაგარი აღმოჩენა, გავიცნოთ უკეთილშობილესი ადამიანები და ვიხილოთ ასეთი გაერთიანებებიც. არჩევანს კი თქვენ - ჩვენ ვაკეთებთ!

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნეპტუნი ვერძში იმყოფებოდა 1370-1383 წლებშიც, მაშინ კი ინგლისსა და საფრანგეთს შორის ასწლიანი ომი მიმდინარეობდა. ასევე, ნეპტუნი ვერძში იმყოფებოდა, როცა ოსმალთა იმპერიას მართავდა სულთან სულეიმანი.

ხასიათის დადებითად განვითარებისას - ადამიანს შეუძლია რომ ოცნება რეალობად აქციოს, ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში კი უყალიბდება საოცრად დიდი ეგო და სითავხედე. ამ სითავხედემ შესაძლოა მასობრივი ცრუ ლიდერიც კი წარმოშვას, ამიტომ საზოგადოება და დედამიწა ფრთხილად უნდა იყოს!

V. სატურნის ინგრესია ვერძში - 2025 წლის 25 მაისს მოხდა, შემდეგ დარეტროვდა და ახლა ისევ დატოვებს თევზების ზოდიაქოს და გადაბრძანდება ვერძის ნიშანში, სადაც იქ დარჩება 2028 წლის 13 აპრილამდე.

სატურნი - ესაა ჩარჩო, წესრიგი, დისციპლინა, მოთმინება, ამტანობა, ადმინისტრირება, მმართველობა, დრო, ქრონოსი, სწავლა, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, თვითორგანიზება.

სატურნი პასუხისმგებელია სულიერ ზრდაზე და დაგროვილ გამოცდილებაზე, ხოლო როდესაც იგი ვერძში გადაბრძანდება, იქ ის თავს ამოყოფოს მარსით მართვად ნიშანში, რაც მისთვის ძალიან რთული პოზიციაა. ასტროლოგიურად სატურნის ვერძში ინგრესია ,,დაცემის“ ტოლფასია და მხოლოდ 1 ქულით ფასდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავად უპირატესობას ანიჭებს წინდახედულებას, სიფრთხილეს და თავშეკავებას, ვერძი მიდრეკილია სიჩქარისა და პირდაპირობისკენ. მაშინ, როცა ეს ორი სხვადასხვა პოლუსი ერთმანეთს ეჯახება, ზუსტად ასეთ ვითარებაში გვთხოვს კოსმოსი რომ ვიყოთ მეტად მომთმენნი, შვიდჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.

ამ დროს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ სად ვართ იმპულსურები, ზედმეტად კონკურენტუნარიანები ან მოუთმენლები, სწორედ აქ მივიღებთ, ხან და ხან, მძიმე გაკვეთილებს, რათა გავიზარდოთ და შევიძინოთ ახალი გამოცდილება.

გაფრთხილდით: ვისაც გადამეტებული ამბიცია და ეგო აქვს, სერიოზულად შემოწმდება და არაა გამორიცხული, რომ ამ ცეცხლის ენერგიამ დაწვას კიდეც. ვარჯიშია მთავარი საზღვრების პატივისცემასა და შეზღუდვების მიღებაში. ნებისმიერი სახის მოქმედებამდე ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, ვინც მოპირდაპირე მხარის ინტერესს ვერ ხედავს, ის ამ საქმეში უკვე განწირულია.

სატურნი შემოდგომით გახდება რეტროგრადული, ანუ უკან მოძრავი და ჩამოიწევს თევზების ნიშანში, რაზეც სხვა დროს ცალკე ვისაუბრებ. შემდეგ კი ისევ გააგრძელებს ვერძში მოძრაობას.

მოკლედ, 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და საშიში ზონა იქნება მაშინ, როდესაც სოციალური და უმაღლესი პლანეტები შეუერთდებიან ერთმანეთს და ეს შეერთება იქნება ყველაზე მკაფიო ზამთარში, იანვარ-თებერვლის ხანებში. ეს საშიში დროებია, მოსალოდნელია დიდი ომები, აფეთქებები, ხანძრები, არაა გამორიცხული, რომ დედამიწა დადგეს წერტილოვანი ატომური ქობინების გამოყენების წინაშე ან უბრალოდ ზოგიერთ კონფლიქტურ ზონაში ვიხილოთ ცეცხლის კერების მკვეთრი გავრცელება და სახიფათო დესტრუქცია.

ამ პერიოდებში, არ ღირს თამამი და სარისკო ნაბიჯების გადადგმა, დიპლომატიურობა ეცემა, შესაბამისად მაღალია მძიმე შედეგების ალბათობა. ზოგ ადგილას, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა დაფიქსირდეს რელიგიური ფანატიზმით გამოწვეული დაპირისპირებები. თუ ამ შეერთებამ დაზიანების ტრაექტორია აიღო, გამოვლინებაც შესაბამისი ექნება.

სატურნი ვერძის დევიზია - ,,მე ჩემი კანონები მაქვს!“

სატურნი, როდესაც ვერძში მოძრაობს, ასეთ ადამიანებს პირადი შეხედულებები გააჩნიათ კონსტიტუციაზე. მაღალია საჯარო ეტიკეტის ან კოდექსის დარღვევის შანსები, რის გამოც, იქნება ბევრი დაჯარიმება ან კონფლიქტი. დაუშვებელია ზღვარგადასული დიქტატურა და ძალადობრივი წესრიგი, ეს მეტად დაძაბავს ფონს.

საუკეთესო შემთხვევაში მივიღებთ ზომიერ დასჯას, ზომიერ ლმობიერებას, შევძლებთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემას და ინტერესთა მიღება-დაფასებას. არჩევანი კი ისევ ჩვენზეა!

VI. იუპიტერის ინგრესია კირჩხიბიდან ლომში - 2026 წლის 30 ივნისს გამარჯვების, ექსპანსიისა და მსოფლმხედველობის მმართველი პლანეტა დატოვებს ტყუპების ზოდიაქოს და გადაბრძანდება კირჩხიბის ნიშანში, სადაც დარჩება 2027 წლის 26 ივნისამდე.

იუპიტერი - ეს მეტად მულტიფუნქციური, სიუხვის, ბარაქის, მსოფლმხედველობის, ექსპანსიის მმართველი პლანეტაა. მას აქვს 12 წლიანი ციკლები, როცა იწყებს და ასრულებს მის მოძრაობას. კირჩხიბში მოხვედრა მისთვის ეგზალტაციაა, 5 ქულა უწერია, წლის პირველ ნახევარში, 30 ივნისამდე ის სწორედ კირჩხიბში იმოძრავებს. ერთ-ერთი საუკთესო გამოვლინებაა, ამიტომ აუცილებელია ამ ძალის სწორად ათვისება და გამოყენება.

ისე, როგორც არასდროს, ახლა წინა ხაზზე წამოვა სამშობლოს, ეროვნული პრინციპების მოტივები, ასევე საოჯახო - სანათესაო საკითხების ამბები, ბევრმა ადამიანმა შეიძლება დააპიროს ოჯახის შექმნა ან გადაუჭრელი პრობლემები საბოლოოდ დაასრულოს. მშვენიერი დროა ბინის ყიდვისთვის ან გამოცვლისთვის, სამშენებლო-სარემონტო საშუალებების დაწყებისთვის!

სწორედ ახლა შეგიძლიათ რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ დიდ ადამიანებს, თქვენს ბებია-ბაბუებს ან მათ დანატოვარ ნივთებს, ანტიკვარიატს შესაბამისი ადგილი უნდა გამოუყოთ. კირჩხიბის იუპიტერის ტრანზიტზე დემოგრაფიული პროცესებიც შესამჩნევი იქნება. ძალიან გააქტიურდება პატრიოტიზმი, ბევრი ადამიანი მოისურვებს ამ იდეით საქმის კეთებას, გამოჩნდებიან კიდეც მსგავსი ტიპის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან გაერთიანებას, საერთო აზრების პოვნას და სვასებით შესაძლებელია რომ მივიღოთ ეროვნული მოძრაობები.

სიტყვა - სამშობლო, მიწა, მამული - მათთან დაკავშირებით მრავალი ძალიან სენსიტიური აღმოჩნდება და არ გირჩევთ ასეთი ადამიანების გაბრაზებას და ნერვებზე თამაშს. ამან, არაა გამორიცხული, რომ საკმაოდ რთული ხასიათი მიიღოს და სავალალოდაც კი დასრულდეს.

თუ ისტორიას გადავხედავთ, იუპიტერი კირჩხიბში მოძრაობდა, მაგალითად 1919 წელს, როცა საქართველოში ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები, მაგ წელსვე დაიწყო საბერძნეთ-თურქეთის ომი. უფრო შორს რომ წავიდეთ 1943 წელსაც ჰქონდა იუპიტერს ინგრესია კირჩხიბში, როცა მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ქართველებისთვის ყველაზე მკაფიო მაინც 1989-1990 წლები იყო. დრო, როდესაც ქვეყანამ და მოსახლეობამ ლომის წვლილი დადო გამთლიანებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

ასე რომ კირჩხიბის იუპიტერი აფართოვებს საზღვრებს და თავს კარგად გრძნობს მაშინ, როცა ხალხი ერთიანდება ეროვნული მოტივებით. თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტრანზიტზე ჩაისახა ფაშიზმი, რომელსაც ჰიტლერი ამოუდგა დიქტატურით სათავეში.

2026 წლის 30 ივნისიდან კი აქტუალური გახდება პირადი ურთიერთობების ამბები. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ოცნებობდა შვილის ყოლას, მათ მიეცემათ ბავშვები, მაღალია ქორწინებების, ოჯახის შექმნის და მეგა პროექტების განხორიციელების ალბათობის შანსები.

მოდის სამყარო აგრეთვე არ იქნება გულგრილი. თქვენ ნახავთ, რომ მოდაში შემოვა ძალიან ორიგინალური ახალ-ახალი ტანისამოსები, სპორტისა და კულტურის სამყარო იქნება არნახული შოუების მომსწრე და ბევრს დაუვიწყარი თავგადასავლები ელოდება წინ.

აქტუალური იქნება ბავშვებზე ზრუნვის თემაც. კარგი იქნება უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა დაბინავება, ასევე ყურადღება კიდევ მეტად შეიძლება დაეთმოთ ამ მხრივ ცხოველებსაც.

ეცადეთ პირად კავშირებში გაუგებრობები დაასრულოთ და მიაქციოთ ყურადღება სამომავლო საკითხებს.

VII. ურანის ინგრესია ტყუპებში - პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო ტრანზიტია! გასულ წელს, 2025 წლის 7 ივლისს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, საწყისების და რეფორმების-რეორგანიზაციის მმართველი პლანეტა ურანი გადაბრძანდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და დარჩება 2032 წლის 3 აგვისტომდე.

დაახლოებით 2017-2018 წლებიდან მოყოლებული, ეს უკანასკნელი, მოძრაობდა კუროს ნიშანში. კურო, რომელიც მეტად განაგებს მატერიალურ ფასეულობებს, ხედავთ, ალბათ, რომ ამ ტრანზიტზე თავიდან ბოლომდე მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა ფულის მიმოცვლა ელექტრონული ხაზით. დავინახეთ, ასევე ვალუტის კურსის ციმციმი, დისტანციური მომსახურების სერვისები და სხვა ...

მოკლედ, რადგან ურანი მართავს ტექნიკას, ცხოვრებაც გახდა მკაფიოდ დამოკიდებული თანხის ელექტრონულად გამომუშავებაზე. აღნიშნულს, გააჩნია 7 წლიანი ციკლები, ახლა კი მიდის ტყუპებში, სადაც საკმაოდ დიდი მოგზაურობა ელის წინ, რაზეც დაბლა მოგახსენებთ:

ტყუპებში, ურანი გამოიმუშავებს დამრღვევ და გამომგონებელ ენერგიას მერკურიის მრავალი თემის გარშემო, როგორიცაა განათლება, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, ყველა სახის ტექნოლოგიური მოწყობილობა და კომუნიკაციის ნიმუშები.

მერკურის მართულ ნიშანში ურანს აქვს ინოვატორისა და გამომგონებლის ჰაეროვანი ფუნქცია და სავარაუდოდ, შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით ტრანსპორტის, მოგზაურობისა და ყველა სახის კომერციულ საკითხებში.

არნახულად დიდი რეფორმები იქნება განათლების, მასმედიის, ტრანსპორტის, საზღვრების და სამეზობლო კონტაქტების მიმართულებით. ყველა ეს სფერო განიცდის დიდ ნგრევებს, რყევებს და საბოლოოდ ჯამში, დრომოჭმული, გამოუსადეგარი სეგმენტები წარსულს ჩაბარდება!

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ასპარეზზე გამოვა აბსოლუტურად ახალი ტელე და რადიო კომპანიები ან მომრავლდება ინტერნეტ სივრცის მრავალ პლატფორმაზე სხვდასხვა გადაცემები, გააქტიურდებიან პორტალური გვერდები ინფორმაციის განსათავსებლად, გაისმება ახლებური ხაზები ქვეყნებს შორის და გადაადგილების, ტრანსპორტის, ვიზებთან დაკავშირებით ვიხილავთ დიდ ამბებს!

ზოგადად, ტყუპები მერკურით მართვადი ნიშანია. ესაა ჩინებული მოაზროვნე, იდეალური ორატორი, კომუნიკატორი და ნაწილობრივ, გამომგონებელიც, თუმცა ზედაპირული და ზოგჯერ, მერყევიც. არც ურანია დიდი სტაბილურობით გამორჩეული, მაშასადამე დაისმება კითხვა: რამდენად შეგვიძლია ერთგულად ვემსახუროთ იმ მიზანს, რაც დავისახეთ?

თუ არჩეული გზიდან არ გადაუხვევთ, მაშინ შედეგებს აუცილებლად მიაღწევთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ გამომზეურებული არასანდოობის და მერყეობის გამო შესაძლოა გარშემო მყოფებმა გაგრიყონ და ჩაითვალოთ არაადეკვატურ არსებად. ამიტომ, მოიგებს ის, ვინც შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ერთგულებას აღებული კურსისადმი!

ამ ტრანზიტზე, გაიხსნება ბევრი სკოლა-ლიცეუმები, სასერთიფიკატო და საგანმანათლებლო კურსები, ადამიანებს ინტერნეტის, ონლაინ გვერდების საშუალებით მიეცემათ შესაძლებლობა ისწავლონ და მიიღონ მათთვის საჭირო მასალა. ფაქტობრივად, სწავლების ონლაინ ვერსია იქნება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და შემოღებული. რამდენად ხარისხიანად და კარგად ან მისაღებად დრო გვიჩვენებს.

დამატებით ურანის გააქტიურებიდან მოვესწრებით საოცრად დიდ გამოგონებებსაც, როგორც ლიტერატურის, ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა დარგში, ისე ტექნოლოგიურ სამყაროში.

ისტორიულად ურანი ბოლოს ტყუპებში მოძრაობდა 1941-1948 წლებში, ეს რა წლებიცაა გეცოდინებათ ... ერთი სიტყვით, როგორც პირად ინდივიდუალურ, ისე საზოგადო ფლანგზე, დიდი ამბები გველოდება, ხოლო მომავალს თავად ადამიანები ვქმნით!

ეცადეთ, რომ გააზრებული ცოდნით იმოძრაოთ, ამ ტრანზიტზე ეს ბევრს მოეთხოვება. ისედაც, სულ ინფორმაციებთან გვექნება შეხება და საჭიროა ამ მიღებული პროდუქტის გადამუშავება!

VIII. შავი მთვარის, ,,ლილითის“ მშვილდოსანში ინგრესია. სექტემბრამდე ლილითი იმოძრავებს სწორედ მშვილდოსანში და შემდგომ გადაინაცვლებს თხის რქას ზოდიაქოს ნიშანში. და დარჩება მანდ 2025 წლის 20 დეკემბრამდე.

ფაქტობრივად, ლილითი, ასტროლოგიაში გვიჩვენებს ადამიანის მძიმე ცდუნებებს, მეტად დემონური ხასიათის მატარებელია, რომელსაც სულიერების გზაზე დამდგარი ადამიანი შინაგანად გრძნობს ნაკლს, ხედავს და ამჩნევს.

მომდევნო, დაახლოებით 9 თვის მანძილზე კარგი იქნება თუ მოერიდებით კანონის დარღვევას, დემაგოგობას, საგანამანთლებლო განხრით შავბნელი საქმეების გაკეთებას.

არ დაარღვიოთ ვიზა და საბუთებს მიაქციეთ ყურადღება!

სწავლაში სიზარმაცე და უკანონო გზებით ფონს გასვლა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდება. არაა გამორიცხული პოლიტიკურ ასპარეზზეც კი უამრავი კადრის ლუსტრირების წინაშე დავდგეთ.

ფრთხილად იყავით ზედმეტად ახლო ინტიმური კონტაქტების დამყარებისას, ამან შესაძლოა გაცილებით დიდი უბედურება მოიტანოს, ვიდრე პოზიტივი, ბევრჯერ დაფიქრდით და ვისთან შედიხართ კონტაქტში და ისე გადადგით ნაბიჯი.

დრო კარგია ძველი წყენების, ნეგატიური ინფორმაციების და ადამიანების ჩამოშორებისთვის, ფსიქოლოგიური გამასაჯანსაღებელი და საეკლესიო ინსტიტუტის მოხმარებისთვის!

ვინც შეძლებს მიტევებას და დავიწყებას, ასევე საკუთარი ვნებების კონტროლს, ამ ტრანზიტზე ნამდვილად გამარჯვებული გამოვა!

IX. ასევე, გეტყვით, რომ მომავალ 2026 წელს გვექნება ზამთარში და ზაფხულში მზე-მთვარის დაბნელებები, რომლებზეც ცალკე სტატიის სახით მოგახსენებთ.

X. აქვე დაგიტოვებთ 2025 წლის მერკურის უკუსვლით ფაზებსაც:

მერკური 2026 წელს რეტროგრადული იქნება:

თებერვლის 26 რიცხვიდან - 20 მარტამდე

29 ივნისიდან - 23 ივლისამდე

24 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრამდე

გვექნება 2026 წელს პლანეტა ვენერას რეტროგრადულობაც:

1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე.

ამ პერიოდებში ერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას და დიდი გეგმების განხორციელებას. პირიქით, კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად!

გისურვებთ ბედნიერ 2026 წელს!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.