გული ბევრ რამეზე მტკენია - ნანობს თუ არა ნანული სარაჯიშვილი, შვილი რომ არ გააჩინა

21:14 01-13-2020
11

14 იანვარს მსახიობ ნანული სარაჯიშვილის დაბადების დღეა. ასაკს არ ამხელს, თვითონაც ამერია და მისი დასახელება რა საჭიროაო, ამბობს. რას ნანობს, რა განწყობაზეა და რას თვლის ქალის მთავარ მისიად, მსახიობი „პრაიმტაიმის“ მკითხველთან ჰყვება.

- დაბადების დღე ბავშვობაში მიყვარდა, ახლა აღარ მიყვარს. ასაკი მემატება. 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა და ისე გამოდის, რომ ჩემ დაბადების დღეს  თეატრის დღეზე აღვნიშნავ. შარშან თელავში აღინიშნა და იქ ვიყავი, ხვალაც ახალი თეატრის გახსნაზე მივდივარ. 

- როგორია თქვენი შინაგანი განწყობა?

- განწყობა თვითონ თუ არ შეიქმენი, გაგიჭირდება. მეც ვცდილობ, სულ ამაღლებულ განწყობაზე ვიყო. თუმცა მაქვს პესიმისტური განწყობაც, მაგრამ არ ვიმჩნევ. ყველა ადამიანს აქვს ასეთი მომენტები. გიჟის გარდა ყოველთვის კარგ გუნებაზე ვინ არის? ყოველთვის ერთნაირად არ არის. მინდა ირგვლივ ყველა კარგად იყოს, ჩემიანი იქნება თუ არა ჩემიანი. 

- კარიერაში რაიმეზე ხომ არ გწყდებათ გული?

- არა, როლებზე აჩემება არ მქონია. გული არ მწყდება. თუმცა თუ გემრიელი და საინტერესო სამუშაო იქნება, მაგას რა სჯობს. მე მგონი ყველაფერი წინ არის, აბა, რა?! მე ოპტიმისტი ვარ.

- ხომ არ ნანობთ შვილი რომ არ გააჩინეთ?

- შვილი არ გამიჩენია, მაგრამ დისშვილი გავზარდე და ახლა 4 წლის შვილიშვილი მყავს. დემეტრე ხმალაძეს „წლის საუკეთესო მამაკაცის“ ტიტული მივანიჭე. მაგარი ბიჭია. ჩემი იმედია. ასე რომ, გული არაფერზე მწყდება. 

- ქალისთვის მთავარი რა არის, როგორ გგონიათ?

- ყველაფერი მთავარია. კარგია, თუ ქალს ოჯახიც აქვს და საყვარელი საქმეც. 11 წლის ვიყავი „მანანაში“ რომ გადამიღეს. მას შემდეგ მოვდივარ და ჩემი საქმისთვის არ მიღალატია. არ არსებობს ამქვეყნად გულდაწყვეტილი ადამიანი რომ არ იყოს. ყოველთვის კმაყოფილი არ ხარ. გული ბევრ რამეზე მტკენია. ბევრი სირთულე მქონია, ბევრიც სიხარული. ვცდილობ სიხარული უფრო მეტად დავიმახსოვრო, ვიდრე გულისტკენა.

- ყველაზე ძვირფასი ეტაპი რომელი იყო?

- ინსტიტუტის პერიოდი მენატრება. კარგი ჯგუფი მყავდა.

- ბოლო წლებში სარკიდან ვინ გიყურებთ?

- ჩემი მშობლები... ვცდილობ მათი სახელები არ შევარცხვინო. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ადამიანისთვის მისი მშობელია. ძალიან მენატრებიან და მინდა მათი იმედი გავამართლო... 

 

ავტორი: თამარ გონგაძე