ბოროტებაა ყველაზე წარმატებულ ამბავზე, იძახო ჩავარდაო - სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი C ჰეპატიტის პროგრამაზე

17:19 01-11-2020
366

სადაზღვეო კომპანია „ბენეფიტის“ ხელმძღვანელი, ნინო კობახიძე აუდიტის სამსახურის იმ დასკვას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. 

„ბოროტებაა ყველაზე წარმატებულ ამბავზე, რაც საქართველოს დაემართა 2015 წელს, იძახო ჩავარდაო!

150 ათასამდე ადამიანს  გამოუვლინდა საჭიროება, აქედან 132 ათასი ჩაერთო პროგრამაში, 122 ათასი აგრძელებდა მკურნალობას, 58 ათასი სრულად განიკურნა....

სულ კვლევა C ჰეპატიტზე ჩაუტარდა მილიონ 600 ათას ადამიანს ...ანუ მოსახლეობის 60%-ს და ეს პროცესი გრძელდება...

მადლობა ამერიკა  სასწაული საჩუქრისთვის და გადარჩენილი სიცოცხლეებისთვის!“,- წერს სოციალურ ქსელში ნინო კობახიძე.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკითხის კომენტრირებისას, თქვა, რომ 560 მილიონი ლარი არის დონაციით მიღებული თანხა და არა საბიუჯეტო.

შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.