მეუფე იაკობი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მხილებით ემუქრება

14:06 01-07-2020
689

„პეტრეს პასუხს ვაგებინებ“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა შობის წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე პეტრე ცაავასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს ალბათ, მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ, კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებასა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც ისაუბრა.

„ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვს,  ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა - რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე - რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი, სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი ცოტა მეტად იფიქრონ. როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, ისინი სად და ვისთან ერთად დადიან, გადახედონ.

თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ.ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.