დედაჩემის თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ... როდესაც გამოვიდა ოთახიდან იყო ატირებული - 15 წლის მოზარდის ძმა

14:08 12-15-2019
115

15 წლის მოზარდის ძმა პოლიციაში დაკითხვის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მოზარდს დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ.

მისი თქმით, მოზარდი პოლიციელებმა ცალკე გაიყვანეს დასაკითხად. ოთახიდან გამოსული კი ატირებული იყო.

„დედაჩემთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა დაახლოებით ოთხი საათი. ამ ოთხი საათის განმავლობაში უარყოფდა მომხდარს და ამბობდა, რომ ის არ იყო დამნაშავე. დედაჩემის თქმით, შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიყვანა ცალკე დასაკითხად. არ ჰყავდათ იქ დიდი ხანი, როდესაც გამოვიდა ოთახიდან იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა, თუმცა სახლში რომ მივიდა, მაშინაც თქვა, რომ არ ვარ დამნაშავეო. მეორე დღესაც უარყოფითი ჩვენება მისცა და შემდეგ მოხდა ეს ამბავი. როგორც ვიცი, დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა ისეთი მუქარები, რომ შენ ძმას შევუქმნით სასწავლებელში პრობლემებს, იყო გინებაც“, – განაცხადა 15 წლის მოზარდის ძმამ.

მისივე ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

„პროგრესი არ არის არანაირი. წამლებით უნარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას“, – აღნიშნა მოზარდის ძმამ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი 12 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.