საქართველოში მეხსიერების ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა - ვინ არის გამარჯვებული?!

23:12 12-02-2019
49

თბილისში უცნაური ჩემპიონატი გაიმართა, რომლის ორგანიზებაში სპორტის ფედერაციაც იყო ჩართული. მართალია, ჩემპიონატის მიზანი განსაკუთრებული ფიზიკური ძალის გამოვლენას არ გულისხმობდა, თუმცა შეჯიბრის შედეგად ცნობილია საუკეთესო მეხსიერების მქონე მოქალაქის ვინაობა.

1 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატის გამარჯვებული მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში 201 ქულა დააგროვა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ინდივიდუალურ კატეგორიებშიც. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. ახალციხელმა გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო.  

შეგახსენებთ, მეხსიერების ჩემპიონატი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი გასული წლიდან ტარდება. საზღვარგარეთ კი ის 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი