ქართველი ქალი, რომელიც პუტინის მრჩევლის შვილს ზრდიდა, ღია ცის ქვეშ რჩება - მას ბინას ართმევენ

14:09 12-02-2019
54475

ლია თევზაძემ ქალიშვილთან, ნინო გვენეტაძესთან ერთად 25 წელი მოსკოვში იცხოვრა. როცა ნინოს უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოვიდა, ლიამ შვილი საქართველოში გამოუშვა, რათა ქართული ტრადიციები შეენარჩუნებინა. თავად მოსკოვში დარჩა, მუშაობა გააგრძელა, შვილისთვის სწავლა რომ დაეფინანსებინა. ლია მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩევლის, იანა ლანტრატოვას შვილს ზრდიდა.

„ნინო თბილისში, რომ გამოვუშვი ბინის ქირაში 400 დოლარს ვიხდიდით.  სტუდენტი იყო ჩემი შვილი სესხზე რომ მოუვიდა შეთავაზება მესიჯად.ვიფიქრეთ, ბინის ქირაში ფულის ყრას ვიყიდოთ ბინაო. თვეში 610 დოლარი უწევდა ბინას და სესხი ავიღეთ.“- გვიყვება ლია

ლიამ მოსკოვში გაჭირვებული ცხოვრების გამო წავიდა, 25 წლის განმავლობაში,18 ბავშვი აღზარდა. იანა ლატრატოვას შვილი მისთვის ბოლო ბავშვი აღმოჩნდა. არსენი კურდღლის ტუჩით და მგლის ხახით დაიბადა, მშობლები კრემლის აპარატში მუშაობენ, ამის გამო მასთან დროს ვერ ატარებდნენ და ყველა რთულმა ღამემ, 6 წლის განმავლობაში ლიას ხელებში გაიარა.

„საუკეთესო ექიმები და ექთნები მუშაობდნენ ბავშვთან, თუმცა არავის იკარებდა. მშობლებს თითქმის ვერ ნახულობდა. მარტო ჩემს სახელს იძახდა. ოჯახში კარგად მექცეოდნენ, ხელფასიც ძალიან კარგი მქონდა, 2 000 დოლარი, თუმცა დასვენების დღე არ მქონდა. ყოველ კვირას დამყავდა ზიარებაზე, მჯეროდა, რომ ეს გადაარჩენდა. მაგის გამო გადავწყვიტე ბინის ყიდვა, მეგონა სანამ მოვკვდები სულ მექნებოდა ეს სამსახური. ერთ დღეს, თბილისში წასვლა მომიწია, არსენი საშინლად გამომეტირა, ვუთხარი, რომ მალე დავბრუნდებოდი. იმ აზრით წამოვედი საქართველოში, რომ აქ მალე მომეგვარებინა პრობლემები და დავბრუნებულიყავი.“

საქართველოში ჩამოსულს, იანა დაუკავშირდა. უთხრა, რომ ლია მათთან მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა, რადგან არსენი ძაან იყო მასზე მიჩვეული და მშობლებსაც აღარ ეკარებოდა, თუმცა დაჰპირდა, რომ ახლო ურთიერთობას კვლავ შეინარჩუნებდნენ, არსენის მდგომარეობის შესახებ ამბებს შეატყობინებდნენ, თუმცა მას ბავშვი აღარ უნდა ენახა.

„საშინელ სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა და ვერაფრით გაიგებდა იმას თუ ასე რატომ მივატოვე. დედამისს ვეხვეწებოდი, ერთხელ მანახეთ, რომ დავემშვიდობო-თქო. ამას, რომ თავი დავანებოთ, უსამსახუროდ დავრჩი. რისი იმედიც მქონდა, რომ ბინის ფული უნდა გამესტუმრებინა, ისიც აღარ მქონდა. იანა დამპირდა დაგეხმარებიო. 4 თვე მიგზავნა ხელფასი, მერე ვიკამათეთ და დახმარებაც შემიწყვიტა, რუსეთისკენ აღარც გამიხედავს მას შემდეგ.“

საქართველოში ვერ მოახერხა ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც ბანკის ფულს დაუფარავდა. ბინა იპოთეკით დატვირთა და ისრაელში წავიდა სამუშაოდ.

„10 ათასდოლარად დავაგირავე ბინა. დამსაქმებელს ათასი დოლარი გადავუხადე. ჩავედი ისრაელში. ერთ-ერთ ოჯახში 5 თვემდე ვიმუშავე. ერთ დღესაც პირდაპირ სახლში მომადგნენ და როგორც არალეგალი დამიჭირეს. გადამიყვანეს საემიგრაციოში ციხეში, 15 დღე ვიყავი იქ. ორჯერ ჩავვარდი კომაში და დამადეპორტეს. “

საქართველოში მას ქალიშვილი, ნინო ელოდა, რომელიც მარტოხელა დედაა და 4 წლის ვაჟი ჰყავს.

„ჩამოვედი თუ არა „საქართველოს ბანკს“ მივმართე, რომ დამხმარებოდნენ, მოვუყევი ყველაფერი, ავუხსენი მდგომარეობა, მაგრამ არაფერში დამეხმარნენ. ეროვნულ ბანკსაც მივწერე წერილი, ვცდილობ ავუხსნა, რომ ცოტა დრო მომცენ და სახლი არ დამაკარგინონ, მაგრამ მაგის ნაცვლად წერილი მომივიდა, 5 დეკემბრიდან - 9 დეკემბრამდე აუქციონი გაიმართება და სახლს დაკარგავთო. წყალში მეყრება ჩემი გადახდილი 20 ათასი დოლარიც და ყველანაირი უძრავი ქონება, რაც ამ სახლისთვის ჩავდე ბანკში.  მე და მარტოხელა დედა ქუჩაში დავრჩებით.“

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე