იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა ოჯახს მალე დაუბრუნდება - ფეხბურთის ფედერაცია

23:51 11-16-2019
20

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა ოჯახს მალე დაუბრუნდება - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში წერს. ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და მისი მოღვაწეობით უამრავ ფეხბურთელს დახმარებია.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას“ - წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით საზღვრის უკანონო კვეთა დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.