კონტრაცეპტივები მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს, შესაძლოა, უფასოდ გადაეცეს

14:37 11-08-2019
15

2017 წელს დამტკიცებული „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს დაფინანსება იმისთვის, რომ სპეციალურ სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ქალებს, კონტრაცეპტივები უფასოდ გადაეცეს.

„როგორც სტრატეგიაშია აღწერილი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ახლა სამინისტროში დგას კონტრაცეპტივების შესყიდვის საკითხი იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი უფასოდ დარიგდეს. ეს არის კომპლექსური თემა და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მომზადებულია კითხვარი, ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - სად, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ცვლილებები. უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამის საჭიროება.

სტრატეგიაში რაც წერია, ის არ არის სავალდებულო შესასრულებელი ხასიათის. სტრატეგია გადახედვას ექვემდებარება, თუმცა, რაც იქ წერია, იმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აუცილებლობა გამოიკვეთა, ამ კონტრაცეპტივების შეძენას დიდი თანხა არ სჭირდება და რესურსი მოიძებნება“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ ambebi.ge - სთან ინტერვიუში.