ბედიანადან ფსიქიატრიული პაციენტები გაჰყავთ - რა ელით ბენეფიციარებს?

16:21 10-30-2019
2958

ბედიანას ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ბენეფიციარები გაჰყავთ. „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი პაციენტის შვილი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ შესაძლოა მისი დედა სხვა დაწესებულებაში მოათავსონ.

„ბედიანას ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებული ამბავი ტელევიზიით გავიგე. არავის უთქვამს ჩემთვის, რომ შესაძლოა დედაჩემი, რომელიც 18 წელია ამ ფსიქიატრიულში მკურნალობს სხვაგან გადაეყვანათ.  თბილისიდან ბედიანაში ჩასვლას ვახერხებ ხოლმე, მაგრამ ბათუმში, ან ხონში რომ გადაიყვანონ მერე რა ვქნა. ვმუშაობ და ბედიანაში თვეში ერთხელ მაინც ვახერხებ ისე ჩასვლას, რომ  იმ დღესვე უკან დავბრუნდე, სხვაგან რომ გადაიყვანონ თავის ექიმს, გარემოს რომ მოაშორონ, მერე რა ვქნა“, - ამბობს მაკა კახიანი.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად ბენეფიციარების გადაყვანა შეჩერებულია. თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ?

- მე როგორც ვიცი, 30-მდე ბენეფიციარი უკვე გაიყვანეს,  სად - არ ვიცი. ზოგი ნებით, ზოგი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ. უმეტესობას პატრონი არ ჰყავს. მე არაფრით არ მინდა, რომ დედაჩემი ბედიანადან გადაიყვანონ.

„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად ბედიანას ფსიქიატრიულის თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელმაც პაციენტის შვილის მონაყოლი დაადასტურეს.

გელა სანაია ბედიანაში არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში 13 წელია სანიტრად მუშაობს და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ფსიქიატრიულის შესაძლო დახურვა გააპროტესტა. 

- ამ საავადმყოფოში 70 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი ამ რაიონის მცხოვრებია, ეს კლინიკა რომ დახურონ ყველანი უმუშევარი ვრჩებით. იყო იმის მცდელობა, რომ გაეყვანათ ყველა ბენეფიციარი, მაგრამ გავაპროტესტეთ, გზა გადავუკეტეთ, სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. არ მივეცით საშუალება, რომ პაციენტები გაეყვანათ.

- ამჟამად რა მდგომარეობაა საავადმყოფოში?

- იმ მოვლენების შემდეგ, შეგვხვდნენ სალაპარაკოდ, მოგვცეს პირობა რომ წლის ბოლომდე შევინარჩუნებდით სამუშაო ადგილებს, თუმცა ჩვენი ბედი ორი თვით არ წყდება. სოფელმა ცხოვრება უნდა განაგრძოს და ორი თვე სამსახური რას გვეყოფა. გვეუბნებიან, რომ 2020 წელს რა ბედი ეწევა კლინიკას, არ ვიცითო. ამის შემდეგ კიდევ გადაიყვანეს 30-მდე ადამიანი. შეიძლება ხვალ და ზეგაც გაგრძელდეს. გვითხრეს წლის ბოლომდე 50 ადამიანი დარჩებაო და მერე რას იზამენ არ ვიცით. 

- სულ რამდენი ადამიანი მკურნალობს კლინიკაში?

- 160 ადამიანი, დაახლოებით. ახლა, ალბათ, 110 პაციენტია დარჩენილი.

- პაციენტის ახლობლები არ აპროტესტებენ მათ გადაყვანას?

- ზოგს ჰყავს პატრონი, ზოგს არა და ვისაც ჰყავს, იმათაც არ გააგებინეს. ატყუებენ ზოგ პატრონს, რომ თითქოს პაციენტს უნდა გადასვლა, მაგრამ იტყუებიან. სინამდვილეში არ უნდათ აქედან წასვლა, ტირიან, შეჩვეულები არიან აქაურობას.

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლის, მალხაზ გულაშვილის თქმით, თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ესაუბრა და დაამშვიდა, რომ არაფერი ემუქრებოდათ, იანვრამდე, შემდეგ კი არ იცოდნენ რა ბედი ეწეოდა კლინიკას, რადგან საჭირო იქნებოდა ინვესტორების მოძიება.

- მალხაზ რაზე გესაუბრათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

- იყო საუბარი რომ დაეტოვებინათ 30 ქალბატონი და 30 მამაკაცი, გაეერთიანებინათ ორივე განყოფილება. საიმედოდ გვესაუბრნენ, არ ინერვიულოთ არ დაკარგავთ სამსახურსო. რომ ვეკითხებით იანვრის მერე რა იქნება, ვერ გვპასუხობენ.

- როგორ მდგომარეობაშია საავადმყოფოს შენობა?

- არ არის კარგ მდგომარეობაში, ორი ჯარიმაც დაგვიწერს, ნამდვილად სარემონტოა, მაგრამ არაა დასახური. იყო საუბარი, რომ აქ ნარკოლოგიურის გაკეთება უნდოდათ და ამის ძალიან წინააღმდეგია მოსახლეობა. ახლა არ ვიცი რას აპირებენ. არ გვეუბნებიან, ამბობენ არ ვიცითო  და როგორ დავიჯერო რო ამაზე საუბარი რო დაიწყო სულ ნაბიჯ-ნაბიჯ არ იცოდნენ რას გააკეთებდნენ.

- პაციენტები გამოხატავენ უკმაყოფილებას სხვა საავდმყოფოში გადაყვანის გამო?

-გამოხატავენ რომელია, უმეტესობას წალკაში აქვს სახლი, წუხან იმაზე, სხვაგან რომ გადამიყვანონ, როგორ ჩამომაკითხავენო. ვიღაცეებს ეუბნებიან, თქვი რომ გადასვლა გინდა და მე არ გაგიშვებო, ატყუებენ. ასე არ შეიძლება.

პრაიმტაიმი ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუკავშირდა. მისი თქმით, კლინიკიდან ბენეფიციარების გაყვანა ნამდვილად დაწყებულია და გეგმაც ასეთი იყო. წლის ბოლომდე კი მამაკაცთა კორპუსის სრულად განტვირთვაა დაგეგმილი.

- რატომ გადაგყავთ ბენეფიციარები სხვადასხვა კლინიკაში?

- ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებობს გარკვეული მოთხოვნები , რომელსაც ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკა ვერ აკმაყოფილებს. აქ როგორც იყო გეგმა განსაზღვრული რომ მამაკაცთა კორპუსიდან ბენეფიციარები გადმოგვეყვანა, ეგ გეგმა ამოქმედდა. ქალთა კორპუსში ფიზიკური ინფრასტრუქტურა შედარებით უკეთესია. ვაკეთებთ ცენტრალიზებულ გათბობას და კოსმეტიკურ რემონტს რომ პირობები შედარებით გაუმჯობესდეს. პაციენტები ვისაც ქრონიკული მოვლა სჭირდებათ, ისინი შესაძლოა დარჩნენ.

 - რა ბედი ეწევათ ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლებს?

- პერსონალს, რომელიც მუშაობს ბედიანაში და ემსახურება 159 ადამიანს, ხშირად უწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა .ახლა ეს პერსონალი დახმარებას ქალთა განყოფილებაში დარჩენილ პაციენტებს გაუწევს. ქალთა და მამაკაცთა განყოფილებები, ქალთა კორპუსის ორ სართულზე გადანაწილდება. ბედიანას  დაწესებულების ეს ნაწილი სამომავლოდ გააგრძელებს ფუნქციონირებას და პერსონალიც ისევე გააგრძელებს მუშაობას როგორც აქამდე მუშაობდა.

თამარ გაბუნიას თქმით, ბედიანაში არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში აღარ იქნება საჭირო იმ რაოდენობის ფსიქიატრების ყოფნა, რაც ახლაა, თუმცა უსამსახუროდ არ დარჩებიან და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

- საერთო ჯამში, რამდენი ბენეფიციარი დარჩება კლინიკაში და თანახმა არიან თუ არა ბენეფიციარების მეურვეები მათ გადაყვანაზე?

- საერთო ჯამში 35-მდე ბენეფიციარი დარჩება კლინიკაში. აქტიურად მიდის მოლაპარაკება მათ მეურვეებთან, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი თხოვნები, გეოგრაფიული და ადამიანური კუთხით. ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტად რა იქნება შენობის იმ ნაწილში, სადაც მამაკაცების განყოფილება იყო, თუმცა შესაძლოა რომ რეკრეაციული და რეაბლიტაციის მიზნით იქნას გამოყენებული.

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე