სანდრა რულოვსმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა

17:54 10-29-2019
389

სანდრა რულოვსმა 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩლიკაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის და, ნათია მაჩალიკაშვილი ავრცელებს.

სანდრა რულოვსის ინიციატივით მისმა საქველმოქმედო ფონდმა ,,სოკო" დააწესა ჩემი ძმის, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც გადაეცემათ 1 წლის განმავლობაში თემირლანის კლასელებს, რომლებიც არიან სტუდენტები და ვფიქრობ ეს სტიპენტია მათთვის დიდი მოტივაცია და ამავე დრ პასუხიმგებლობაც იქნება.

მინდა ლარისა ტოხოსაშვილის, რამზან მარგოშვილის, მაქა მაჩალიკაშვილის, მარინა გაურგაშვილის, ალი ვაცანაევის, ომარი მარგოშვილის, ლეილა ქავთარაშვილის, ზეინაბ ქავთარაშვილის, ისლამ ცათიაშვილის, ომარი ბაღაკაშვილის, მარხა მარგოშვილის და ჩემი ოჯახის სახელით კიდევ ერთხელ საჯაროდ მადლობა გადავუხადო ქალბატონ სანდრა რულოვსს ამ კეთილი და დასაფასებელი საქმისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში ნათია მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია, რა დროაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და აჰმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით აიყვანეს ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბაადურ ჩოფანაშვილი. ამავე ბრალდებით იგეგმებოდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებაც, თუმცა ის სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა და 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პანკისის ხეობაში კერძოდ, სოფელ ომალოსა და დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი.