Facebook-ის სკივრიდან - თელაველმა პოეტმა, მეგობრების ფეისბუქ სტატუსები წიგნად გამოსცა

17:27 10-11-2019
261

მარიამ კოზმანიშვილი ლექსებს ბავშვობიდან წერს. სოციალურ ქსელში მისი პოეზიის თაყვანისმცემელი, ხუთი ათასზე მეტი მეგობარი ჰყავს.  

ფეისბუქზე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. მათ შორის, არიან ისეთები, რომლებიც საინტერესო ისტორიებს, ძალიან ლამაზად წერენ.გადავწყვიტე, მათი ნაფიქრალი წიგნად გამომეცა. მინდოდა, ასე მეპასუხა ჩემი პოეზიის სიყვარულისათვის - ყვება პრაიმტაიმთან პოეტი.

პირველი ასეთი წიგნი, მარიამმა ორი წლის წინ გამოსცა. გამოცემა ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა დააფინანსა. ამის შემდეგ, პოეტმა ქალმა, წიგნის ასეთი ფორმით გამოცემაზე საავტორო უფლება მოიპოვა და მეორეც მოამზადა, რომელშიც 72 ავტორის, სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანების, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ფეისბუქ სტატუსებია შეიტანა.

ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ჩემი ფეისბუქ- მეგობრების სტატუსებს ვაქვეყნებ. ზოგი ისეთია, მოთხრობადაც გამოდგება. ყველა სტატუსი აპოლიტიკურია და არცერთი არ შეიცავს გაბრაზებული ადამიანის ნააზრევს. ეს ჩემი პრინციპია- ამბობს მარიამი.

წიგნში შეტანილი სტატუსების ავტორებს შორის, ბევრი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი, ზოგიერთი მათგანი კი, ემიგრანტია. ყველა ავტორი სხვადასხვა თემაზე და ფორმატში წერს.

ყველა სტატუსი ცალკე ადამიანური ისტორიაა. დევნილები და ემიგრანტები კი, სხვაგვარი დარდითა და ტკვილით წერენ. რამდენი ადამიანი აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მომენტალურ ემოციას, რომელიც აღარ განმეორდება. აი, ამ წუთებს ვინახავ- ამბობს მარიამ კოზმანიშვილი.

პოეტი- ქალი ამბობს, რომ წიგნის მთავარი მიზანი უცნობი ადამიანების წარმოჩინება და მათი ნააზრევის მომავალი თაობებისათვის შენახვაა.

წიგნში ბევრი ცნობილი ადამიანის სტატუსი შევიტანე, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი საზოგადოებისათვის უცნობი ავტორების წარმოჩინებაა. ზოგი ძალიან კარგად წერს, მაგრამ შესაძლოა, წიგნის გამოცემა აზრადაც არ მოუვიდეს. ამიტომ ვინახავ მათ ნაწერებს - ყვება კოზმანიშვილი.

მომავალში პოეტი ქალი, გამოცემების გაგრძელებას და რაც შეიძლება მეტი საინტერესო ავტორის წარმოჩენას გეგმავს.

რამდენიმე წლის განმავლობაში, მარიამ კოზმანიშვილი, სოციალური ქსელით, უცნობ ხელოვანებსა და თვითშემოქმედებით დაკავებულ ადამიანებს აცნობდა საზოგადოებას. პოლულარულ რუბრიკას ფეისბუქზე „იცნობდეთ და გიყვარდეთ“ ერქვა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი