საავადმყოფოში ჩქარა, ჩემი შვილი იქააო - ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ცნობილი კლინიკა ატარებს

11:01 10-09-2019
344

ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა ძალიან ცნობილია, თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ეს კლინიკა ატარებს. 

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში, ია სულაბერაძემ გივი ჟვანიას ფოტო გამოაქვეყნა და მასთან დაკავშირებით ემოციური პოსტიც დაწერა.

„პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„...92 წლისა გახდებოდა! არაჩვეულებრივი ქირურგი და პედაგოგი, სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი - ბატონი გივი ჟვანია! გულისხმიერი, თბილი, უსაყვარლესი, დიდი ადამიანი!!! ყველა პედიატრის მამა! სანამ ცოცხალი ვარ, მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები!

მოვყვები ამ ამბავს, ღირს გახსენებად:
1990 წელი იყო, მე-4 კურსზე ვიყავი, 2 თვის მყავდა პირველი შვილი და ერთ ღამეს ბავშვის არაბუნებრივმა, ჩაბჟირებულმა ტირილმა გამაღვიძა. გავხსენი (მაშინ ტოლმებივით ვახვევდით ჩვილ ბავშვებს და მარჯვენა საზარდულთან ამობურცულობა დავინახე - თიაქარი! თავზარი დამეცა. ღამის 3 საათი იყო - მახსოვს, იმიტომ, რომ საათს შევხედე და გავიფიქრე, როგორ უნდა დავურეკო-მეთქი... შვილის ტირილმა დამარეკინა... საავადმყოფოში, ჩქარა, ჩემი შვილი იქააო - მითხრა. გავცვივდით მე და ჩემი მეუღლე. და თვითონ დაუსწრია მისვლა! - მაინც მინდა, ვნახოო... რომ დავინახე, მეგონა, ღმერთი დამხვდა საავადმყოფოში! გახსნა, ჯადოქრულად დაადო ორი თითი და ამობურცულობაც გაქრა და ბავშვიც გაჩუმდა. ეს კაზანოვა ჯერ საოპერაციო არაა, უნდა ვადროვოთ, შეიძლება, 2-3 თვეში ხვრელი თავისით დაიხუროს, თუ არადა, უფრო მოზრდილი იქნება ოპერაციისათვისო. ამ დროის განმავლობაში თუ კიდევ ჩაეჭედება, შენ თვითონ ჩასვამო (მასწავლა, - როგორც), თუ ვერ ჩასვამ, რა დროც არ უნდა იყოს, მირეკავო... დაიმედებული წამოვედი, მთელი ღამის ნაჩხავლებ შაკოსაც ჩაეძინა და მეც მკვდარივით მივეგდე. უცებ დედაჩემი მაღვიძებს - ჯგუფელი გირეკავსო. მივლასლასდი ტელეფონთან და გავშეშდი, - გოგო, დაიწყეს უკვე გამოძახება და სახლში რა გინდაო?! გამოცდა გვქონდა! ნევროლოგიაში! დამავიწყდა! არადა, ნასწავლი მქონდაა? - ქვას გავხეთქავდი! ვერ მივასწარი... სასწრაფოდ ისევ - ზარი ბატონ გივისთან! წუხანდელი სტუდენტი ვარ ისევ, ბატონო გივი-მეთქი, წამხდარი ხმით ვუთხარი... ასე სწრაფადო? გამოაქცუნე ისევო - დაფაცურდა ნათელი ადამიანი... და, მე - არა, ბატონო გივი, დღეს ნევროლოგიის გამოცდა გვქონდა და დამავიწყდა-მეთქი... შენ მომკალი, სულაბერიძეო, რომ მითხრა, ისევ დავიმედდი... მივადექი მეორე დღეს. - ავუხსენი ნოდარს და გადაგიტანა გამოცდა, მარა, არ შემარცხვინო, იცოდეო... არ შემირცხვენია! ხუთიანი მომიხაზა ქავთარაძემ. იმავე საღამოს ზარი გაისმა, ტელეფონს ვუპასუხე და... ბატონი გივის საყვარელი ხმა: ნოდარიმ მითხრა, გასახელა შენმა პროტეჟემო, მადლობა, კაი გოგო ხარ, რომ არ შემარცხვინეო... დავჯექი და სიხარულით და სიყვარულით ვიტირე... ახლაც ვტირი... არავინ და არაფერი ვიყავი მე ბატონი გივისა, სრულიად არაფერი, გარდა მრავალთაგან ერთი სტუდენტისა... თუმცა, მეტი რაღა უნდა ვყოფილიყავი, ვთქვი ზევითაც - ყველა პედიატრის მამა იყო კაცი! ადამიანობის, პროფესიონალიზმის, პედაგოგობის ეტალონი.....“, წერს სოციალურ ქსელში ია სულაბერიძე.