მგონია, რომ ვიღაც დანას ამოიღებს და დამარტყამს - პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის დედა

22:34 09-15-2019
768

პეკინზე დაჭრილი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, შემთხვევის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ბავშვის დედა „პოსტ ფაქტუმის“ სიუჟეტში ამბობს, რომ ბავშვები პატარები არიან და ეს ფაქტი ადვილად გადაიტანეს. 

„შიშის გრძნობა მაქვს. მგონია, რომ ვიღაც დანას ისევ ამოიღებს და დამარტყამს, ეს ჯერ ვერ გადავლახე. ბავშვები შედარებით უკეთ არიან, რადგან პატარები არიან და ადვილად გადაიტანეს, რაც შეგვეხება ჩვენ, უფრო მეტად ვართ სტრესის ქვეშ. მე ჯერჯერობით ქუჩაში მარტო ვერ გავდივარ“ - ამბობს დაჭრილი ბავშვის დედა.

დაჭრის ფაქტი პეკინის ქუჩაზე 27 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, რა დროსაც მას ქალმა ბასრი საგანი დაუსვა და სახე დაუსერა. ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თამარ საძაგლიშვილი რამდენიმე საათში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.