მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა - „მაგთიკომის“ განცხადება „მაგთი ფიქსის“ გაუქმებაზე

16:19 06-12-2019
38

„მაგთიკომი“ CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ინფორმაციას აწვდის.  კომპანია განმარტავს, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მომსახურების შეწყვეტა.

„მაგთიკომი“ არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა „მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და „მაგთი ფიქსის“ აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. „მაგთიკომმა“ მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება „მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. „მაგთიკომს“ არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას „მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. „მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა.” - ვკითხულობთ განცხადებაში.

CDMA (მაგთი ფიქსი) ლიცენზიის მოქმედების ვადა 17 ივნისიდან იწურება.