Exclusive იური სუსლიაკი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა აშანტაჟებს

17:56 06-09-2019
358

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ქმარი, იური სუსლიაკი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა მას აშანტაჟებს. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურიდან დაუდგენელი პიროვნება დაუკავშირდა და იულიას გათავისუფლების სანაცვლოდ პირობები წაუყენა. ამასთან დაკავშირებით იური სუსლიაკს „პრაიმტაიმი“ გაესაუბრა.

„გუშინ დამიკავშირდა პროკურატურიდან ადამიანი, რომლის ნომერი არ ფიქსირდებოდა  და მითხრა, რომ  ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - წავიდეთ საპროცესო შეთანხმებაზე და იულიამ ნაწილობრივ აღიაროს ბრალი, ანუ აღიაროს რომ აპირებდა ბავშვების გაყიდვას აფხაზეთში, ამასთან, გვპირდებიან რომ იქნება ჯარიმა და სავარაუდოდ უკრაინაში წასვლის საშუალებაც მოკლე ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მითხრეს, რომ დიდი ხანი იქნება გამოძიება, შეიძლება წელი, შეიძლება ორი წელი და როდესაც გამოვა იულიამ ბავშვებს დედა უკვე აღარ ემახსოვრებათ“, - ჰყვება სუსლიაკი.

„შევთანხმდით, რომ 20 ივნისს იქნებოდა სასამართლო, მაგრამ პროკურატურის ინიციატივით პროცესი გადაიდო და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. გაგრძელდება გამოძიება და როგორც მითხრეს, იულიას გაუგრძელდება პატიმრობა კიდევ 2 თვით“, - ჰყვება ეჭვმიტანილის ქმარი.

უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და არაფერს საქმიანობს. მისი თქმით, ადრე მშენებლობით იყო დაკავებული, თუმცა, ამჟამად მხოლოდ მისი მეუღლის გათავისუფლებაზე ფიქრობს.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი მიკოლა კულება იყო ჩამოსული, რომელმაც თქვა, რომ სუსლიაკის საქმეს ნამდვილად აქვს ეჭვის საფუძველი და საქართველოს ამასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. 

სუსლიაკი „პრაიმტაიმთან“ კულებას განცხადების შესახებაც საუბრობს.

კულებას მოუწია, რომ საქართველოს პროკურატურასთან რევერანსები გაეკეთებინა. როგორც მივხვდი, კულუარული შეთანხმება იყო, რომ მათ საჯაროდ მადლობას გადაუხდიდა და მხოლოდ ამის შემდეგ ქართველები დათანხმდნენ ბავშვების გადაცემას. მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ, შესაძლებელი გახდა ბავშვების გათავისუფლება“, - ამბობს იური სუსლიაკი.

იულია სუსლიაკისთვის ჩამორთმეული 10 უკრაინელი ბავშვი სამშობლოში 7 ივნისს დააბრუნეს. გამოძიება შესაძლო ტრეფიკინგზე უკრაინაშიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. ზუგდიდში ბავშვები დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დედა 10 შვილთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას.

საავადმყოფოში ერთმა შეუსაბამობამ კითხვები გააჩინა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული.

იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე