წარმოდგენილი კანონპროექტი არის პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუში - ზურაბ ჭიაბერაშვილი განათლების რეფორმაზე

15:07 05-14-2019
33

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მამუკა ბახტაძის ინიციატივა, განათლების დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, განათლების სექტორში მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის დახარჯვის ინიციატივა პოპულიზმი და საარჩევნო კამპანიისთვის ციფრებით მანიპულირებაა, რომელიც შედეგზე არაა ორიენტირებული.

„წარმოდგენილი კანონპროექტი არის უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიშანი, თუ გადავხედავთ იმ განმარტებით ბარათს, რაც ახლავს მას. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, თუ რატომ ექვსი და არა შვიდი პროცენტი, ან იქნებ ხუთია საკმარისი. როდესაც რიცხვებს არახუნებს ბატონი ბახტაძე, ჩვენ ამ დროს გვჭირდება ძალიან კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რეფორმა. რაც ყველაზე მთავარია ვალდებულების აღება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ მას შემდეგ როდესაც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და მე დარწმუნებვული ვარ აუცილებლად ხელისუფლება შეიცვლება. მაშინ რა უნდა ვუყოთ ამ ვალდებულებას თუ ხელისუფლება შეიცვლება, საინტერესოა,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაზის ინიციატივით პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც განათლების სფეროს დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს უნდა გაუტოლდეს.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი