Exclusive: ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ქართველი ვარ, ამას საქართველოსთვის ვაკეთებ - რომან დოლიძე UFC-ის, ჯონ ჯონსის და საქართველოს შესახებ

17:56 05-03-2019
871

რომან დოლიძე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლია, რომელიც მალე UFC-ში სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ბათუმელი სპორტსმენი დიდი ხნის განმავლობაში გრეპლინგში გამოდიოდა, MMA-ში კი მას 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ოთხივეში გამარჯვება მოიპოვა.

ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ UFC-ში რომან დოლიძის გამოსვლა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც MMA-ში და გრეპლინგში იყო. ქართველ სპორტსმენს სადებიუტო ბრძოლა 20 აპრილს რუსი ჰაჯიმურად ანტიგულოვის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ, რუსეთის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ორთაბრძოლა ვერ შედგა. მალევე UFC-ის ორგანიზატორებმა დოლიძეს ახალი მეტოქე მოუძებნეს და ბრძოლა 30 ივნისს დაიგეგმა, მისი მეტოქე კი არანაკლებ სუსტი, ბრაზილიელი ვინისიუს მორეირა იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 9:2-ზე აქვს.

„პრაიმტაიმი“ რომან დოლიძეს აშშ-ში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

-         თავდაპირველად გვითხარი როგორ მიდის შენი საქმეები ამერიკაში, რომელ ქალაქში ცხოვრობ და როგორია ყოველდღიური რეჟიმი?

-         ყველაფერი იდეალურადაა. მწვრთნელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. სავარჯიშო პროცესიც კარგად მიდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დროის სხვაობას უკვე შევეჩვიე და ხელს აღარ მიშლის. დღეში მინიმუმ 4 ვარჯიში მაქვს. დილით ადრე ვიღვიძებ. მინდა, რომ პირველ ვარჯიშამდე ყველაფერი მოვასწრო. დღეში საერთო ჯამში 4 საათი ვვარჯიშობ და დრო ფაქტობრივად არაფრისთვის მრჩება. 

-         რას ნიშნავს UFC შენთვის და რას გრძნობ როდესაც იცი რომ შენი შემდეგი ბრძოლა უკვე UFC-ის ეგიდით მოგიწევს?

-         ჩემთვის UFC-ში მოხვედრა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობ, რომ  ის საქმე რითაც დაკავებული ვარ და მაღალ დონეზე გავაკეთო. რა თქმა უნდა სასიხარულოა ასეთი დონის ტურნირში მოხვედრა, რადგან ჩვენს სპორტის სახეობაში ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრია. როდესაც პირველად გავიგე, რომ ჩემით UFC იყო დაინტერესებული ძალიან გამიხარდა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი რომ ასე სწრაფად ამიყვანდნენ. სულ რაღაც 2 წელია რაც ამ სპორტის სახეობაში ვარ და მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი. თავიდან გამიხარდა და გამიკვირდა, მაგრამ ჩემი კარიერის ლოგიკურ გაგრძელებად მივიღე. ამის შემდეგ დავიწყე უკვე მორალურად და ფიზიკურად მომზადება მომდევნო შეჯიბრისთვის.

-         როდის იქნება იქნება შენი პირველი ორთაბრძოლა და თუ არის უკვე მეტოქის ვინაობა ცნობილი?

-         პირველი ბრძოლა 20 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში უნდა ყოფილიყო მაგრამ რუსეთის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, რის გამოც ბრძოლა ჩაიშალა. ახლა დაიგეგმა ბრძოლა ბრაზილიელ ვინისიუს მორეირასთან, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. მეტოქე საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. საერთოდ არ მინდა, რომ ადვილი მეტოქეები მომიძებნონ. ჩემი ინტერესია რომ ამ ორგანიზაციაში რაც შეიძლება მალე გავიზარდო. მართალია ბრძოლების ნაკლებობა მაქვს, მაგრამ ეს გამარჯვებაში ხელს არ შემიშლის. ძალიან აქტიურად ვემზადები ბრძოლისთვის, კარგ მწვრთნელებთან ერთად ვმუშაობ და დღითიდღე უფრო კარგ ფორმაში შევდივარ.

-         როდის დაიწყე შერეულ ორთაბრძოლებში გამოსვლა და რა გზა გაიარე აქამდე მოსასვლელად?

-         MMA დავიწყე ორი წლის წინ. ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის ასე უცბად ამიყვანეს ლიგაში. მთავარი მიზეზი მონდომებაა. ალბათ სხვებისთვის ეს მაგალითი იქნება, რომ თუ ძალიან მოინდომებ, რომ ასეთ მოკლე პერიოდში UFC-ში მოხვედრა შესაძლებელი იქნება. ორი წლის უკან მქონდა პირველი ბრძოლა და 6 ბრძოლის შემდეგ მოვხვდი UFC-ში.

-         MMA-მდე როგორც ცნობილია ჭიდაობდი და საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიე. როგორ აღწერ იმ პერიოდს?

-         თავდაპირველად დავკავდი ჭიდაობის სახეობა გრეპლინგით, რომელიც შეიცავს მახრჩობელა და მტკივნეულ ილეთებს. ჭიდაობა დავიწყე 8 წლის უკან, საკმაოდ გვიან, მაშინ 22 წლის ვიყავი.

width=535

-         საკმაოდ ძლიერ მებრძოლებთან მართავ სპარინგ მატჩებს. ერთ-ერთი ასეთი სპორტსმენი ჯონ ჯონსია, რას სწავლობ მისგან?

-         როდესაც აქ  ჩამოვედი პირველი შეკრება გავიარე კარლოს კონტისთან ერთად გავიარე, იყო ასევე დევიდ კლარკი. მათთან ყოველდღიურად მიწევდა რამდენიმე რაუნდის ჩატარება. სხვა მებრძოლებიც არიან, მაგრამ წონაში დიდი სხვაობაა და ამიტომ მათთან არ ვსპარინგობ. რაც შეეხება ჯონ ჯონსს, მისგან ყველაფერს ვსწავლობ. ძალიან დიდი სპორტსმენია. ტექნიკურად განვითარებული. ძალიან კარგად მუშაობს ფეხებით. მთავარი რაც არის, აქვს ბრძოლის ინტელექტი, რაც სხვა სპორტსმენებისგან ძალიან განსხვავებულს ხდის. ყველაზე დიდი რასაც მისგან ვღებულობ არის გამოცდილება. თავიდან მასთან მუშაობა რთული იყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი.

-         იმ სკანდალების ფონზე, რომელშიც გაეხვა როგორ დაახასიათებ პიროვნულად?

-         ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ერთად დისკომფორტი არასდროს არ მიგრძვნია. ძალიან მეგობრულია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს არამარტო დარბაზში, არამედ ვარჯიშიც გარეთაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. დარბაზის გარეთაც როდესაც ვართ, ძალიან კარგი ადამიანია. ცოტა ქართულადაც ალაპარაკდა, გამარჯობა ისწავლა (იცინის).

-         მან შენს შესახებ გაავრცელა მიმართვა სახელწოდებით „UFC გეშინოდეს, ჩემპიონი მოდის“, რაც ქართველ გულშემატკივარსაც ძალიან გაუხარდა.

-         სიმართლე რომ გითხრათ ასეთი მიმართვა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ვთხოვე, რომ 1-2 სიტყვა ეთქვა ქართულად, მან კი თავისი ინიციატივით რამდენიმე სიტყვა დაამატა. უფრო მეტად გამიკვირდა როდესაც საკუთარ გვერდზე ატვირთა და დახასიათებაშიც კარგი კომენტარი დაურთო.

-         2008 წლიდან უკრაინაში გადაბარგდი, რამდენი წლის იყავი მაშინ და როგორ აეწყო შენი ცხოვრება უკრაინაში?

width=540

-         2008 წელი საქართველოსთვის რთული პერიოდი იყო, ძალიან ვნერვიულობდი იმ ყველაფერზე რაც ჩვენთან ხდებოდა. მთელი ომის განმავლობაში და ომის შემდეგ საქართველოში ვიყავი, სექტემბერში წავედი უკრაინაში და ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდდი. ომამდე მოსკოვში ვაპირებდი სასწავლებლად წასვლას, მაგრამ უკრაინაში წავედი. როდესაც იქ ჩავედი ოდესის ნაციონალურ საზღვაო უნივერსიტეტში ჩავაბარე გემმშენებელი-ინჟინერის სპეციალობაზე. შემდეგ როდესაც უფრო ღრმად ჩავეფლე სწავლაში ამ პროფესიამ აღარ დამაინტერესა და მენეჯერ-ეკონომისტის ფაკულტეტზე გადავედი, რომელზეც მაგისტრის ხარისხიც მაქვს აღებული.

-         იყენებ თუ არა შენს პროფესიას?

-         რა თქმა უნდა ვიყენებ. უკრაინაში ჩემი კლუბი მაქვს და ამ კლუბს მართვა სჭირდება. ძალიან ბევრი მწვრთნელი მუშაობს, ადმინისტრაცია, ბუღალტერია და ა.შ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საჭიროებს ცოდნას, რომელშიც ჩემი პროფესია მეხმარება. კლუბის სახელია RD SPORT. შერეული ორთაბრძოლების კლუბია. ძალიან ცნობილია მოჭიდავეებით, რომლებიც უმეტესად ფეხზე აკეთებენ მტკივნეულ ილეთებს. ახლა შევქმენით ძალიან ძლიერი კლუბი MMA-ს შერეულ ორთაბრძოლებში და აქცენტი  ბავშვების აღზრდაზე გადმოვიტანეთ. ზედიზედ 2-ჯერ გავხდით გრეპლინგში უკრაინის საუკეთესო კლუბი. ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი ვარჯიშობს, რომლებიც MMA-ში გამოდიან. ბევრი უკრაინის ჩემპიონი გვყავს შერეულ ორთაბრძოლებში.

-         საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით გამოდიოდი თუ უკრაინის? როგორც ცნობილია, პროფესიონალი სპორტსმენის კარიერა სწორედ უკრაინაში აეწყო.

-         მინდა ხაზი გავუსვა, თუ საკლუბო ჩემპიონატები არ იყო ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდიოდი და ქვეყნის შეცვლა არასდროს მიფიქრია. იმის მიუხედავად, რომ უკრაინამ ჩემს განვითარებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა და საქართველოში საკმარისი მხარდაჭერა არ იყო, ქვეყნის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ქართველებისთვის ვაკეთებ და საქართველოს დროშით გამოსვლა ყოველთვის მიხარია. MMA-შიც საქართველოს სახელით გამოვდიოდი, მაგრამ უკრაინაში ხშირად ეშლებათ და უკრაინელ სპორტსმენს მეძახიან.  ადრე როდესაც უკრაინაში გამოვდიოდი საქართველოში ნაკლებად იცოდნენ ჩემს შესახებ და გულშემატკივართა 90% რუსულენოვანს წარმოადგენდა. ახლა კი ქართველების რაოდენობა გაზრდილია და ალბათ 70% იქნება. რა თქმა უნდა ეს ძალიან მახარებს, რადგან ამ ყველაფერს საქართველოსთვის ვაკეთებ. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გვერდში დგომას ვგრძნობ და ეს ძალიან მეხმარება. ეს გარკვეულწილად ტვირთიც არის, რადგან მათ ჩემი სჯერათ და ჩემი იმედი აქვთ, ამის გამო ორმაგი დატვირთვით მიწევს მუშაობა. არ მაქვს უფლება რომ მათი იმედები ვერ გავამართლო.

-         შენი წარმატებების შესახებაც მოგვიყევი, როდის გაიმარჯვე პირველად და რომელია შენს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?

-         პირველად საქართველოს სახელით გავიმარჯვე ევროპის ჩემპიონატზე და გავხდი პირველი ქართველი, რომელმაც გრეპლინგში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ მოვიგე მსოფლიო პირველობა და გავხდი ასევე პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გამორჩეული მომენტი ნამდვილად არ მაქვს, ყველა გამარჯვება ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ გამოვყოფდი მაინც ბოლო 2 ბრძოლას. საქართველოში ამ ბრძოლებს დიდი გამოხმაურება მოყვა. გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ და მათგან საკმაოდ დიდი ყურადღება ვიგრძენი. ეს ძალიან მახარებდა და მაძლიერებდა, ამიტომ ეს ორი ბრძოლა ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.

width=557

-         დაიბადე ბათუმში, როგორ გაიხსენებდი ბავშვობის წლებს?

-         როდესაც დავიბადე საქართველოში რთული პერიოდი იყო. სათანადო განათლება რომ მიმეღო ესეც გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდებოდა. მათ გამაგზავნეს სასულიერო გიმნაზიაში. ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. სკოლის ბოლო წლები კი რუსულ გიმნაზიაში გავატარე. ეს რთული პერიოდი ალბათ ყველამ გადაიტანა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა იმ უფსკრულიდან ამოვიდა და დღითიდღე უმჯობესდება.

-         სანამ უკრაინაში გაემგზავრებოდი და საბრძოლო ხელოვნებაში გამოსვლას დაიწყებდი ფეხბურთელი იყავი, როგორ გაიხსენებ იმ პერიოდს?

-         ის პერიოდი საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან სპორტს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა იყო, ამაზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ბოლო 3 წელი თურქეთში ვთამაშობდი, საკმაოდ კარგ კლუბებში -  „ტრაბზონსპორში“, „ანკარაგუჯუში“ და „ბოლატისპორში“, 1 წელი „ბოლატისპორში“ იჯარის წესით გავატარე, პატარა ქალაქი და პატარა კლუბი იყო და მორალურად იქონია გავლენა. ვერ დავინახე ჩემი მომავალი ისეთი, როგორიც მინდოდა, ამიტომაც ფეხბურთს თავი დავანებე და სასწავლებლად უკრაინაში წავედი.

-         თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

-         მიყვარს ბუნება, ლაშქრობაში სიარული და ნადირობა, რაც შვილი გამიჩნდა ნადირობისთვის ვეღარ ვიცლი. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალება. არ მიზიდავს ღამის ცხოვრება, ალკოჰოლურ სასმელსაც არ ვსვამ, ამიტომ გართობაზე გართულება არ მაქვს (იცინის.)

-         და ბოლოს, რას ნიშნავს შენთვის საქართველო?

-         საქართველო ჩემი სამშობლოა და ძალიან მწყინს იმდენ დროს რომ ვერ ვატარებ რამდენიც მინდა, მაგრამ ყოველდღე ვფიქრობ. ჩემი მშობლები მანდ ცხოვრობენ, ჩემი ნათესავებიც მანდ არიან. თავისუფალი დრო რომ მაქვს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ. როდესაც ჩამოვდივარ, სულ ვცდილობ რომ რამე ახალი ვნახო, დავათვალიერო მთები. ძალიან მიყვარს ჩვენი ბუნება, მსგავს სილამაზეს ამერიკაში და უკრაინაში ვერ ნახავ. საქართველოში ალბათ პირველი ბრძოლის ჩამოვალ. ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა და ძალიან მინდა გულშემატკივრებთან საუბარი.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე