რამაზ გიორგობიანი 73 წლის გახდებოდა - ინსულტს შეწირული არაპროფესიონალი პროფესიონალი

15:50 04-15-2019
531

16 აპრილს მსახიობ რამაზ გიორგობიანს 73 წელი შეუსრულდებოდა. არაპროფესიონალი მსახიობი კინოში ოთარ იოსელიანის წყალობით მოხვდა. „გიორგობის თვე“ მისი პირველი ფილმი იყო. დებიუტიდან მოყოლებული რამაზმა დაუვიწყარი როლები შექმნა. „სერენადა“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „მხიარული რომანი“ და „ცისფერი მთები“ მისი შემოქმედების მწვერვალია.  

რამაზი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე  სწავლობდა და ოთარ იოსელიანის ასისტენტმა მათემატიკის ოლიმპიადაზე ნახა, ტიპაჟი მოსწონებია. რამაზის ტიპაჟით ოთარმა ქართულ კინოში ახალი პერსონაჟი შემოიყვანა. მოგვიანებით თეატრალურ უნივერსიტეტში  კინოსარეჟისოროზე განაგრძო სწავლება. თენგიზ აბულაძის ჯგუფში მოხვდა. გადაიღო ოთხი ფილმი, თუმცა ბოლო ნამუშევარი ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. მონტაჟი გიზო გაბისკირიამ დაასრულა. 

“49 წლისა მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლოდ ათი დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა - იხსენებს მსახიობის და, მაია გაჩეჩილაძე.

სოსო „ცისფერი მთებიდან“ - რამაზის სავიზიტო ბარათი მგონია. საბედნიეროდ, ასე თვლის ელდარ შენგელაიაც. მან მსახიობი „პრაიმტაიმთან“ გაიხსენა.

ელდარ შენგელაია: - რამაზ გიორგობიანი საოცრად ინტელიგენტი მსახიობი და ადამიანი იყო. არაპროფესიონალი მსახიობი გახლდათ, მაგრამ ეკრანზე ბევრ პროფესიონალს ჯობდა. რამაზი ოთარ იოსელიანმა აღმოაჩინა. მის „გიორგობის თვეში“ დებიუტი ითამაშა. შემდეგ იყო „სერენადა“, „სამკაული სატრფროსთვის“... „ცისფერ მთებში“, ვთვლი, რომ საუკეთესო სახე შექმნა. ძალიან დასანანია, რომ ადრე წავიდა. შესანიშნავი პიროვნება და დაუვიწყარი მსახიობი იყო.  

„არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. მისი მოთხრობები ამ გრძნობითაა გაჯერებული. რამაზი წარსულში ფეხბურთელი იყო, “დინამოში” თამაშობდა, მაგრამ თავი დაანება, შესანიშნავად სრიალებდა თხილამურებზე, ხატავდა. ზოგადად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო" - ამბობს მსახიობის და.

ავტორი: თამარ გონგაძე