სიახლე ემიგრანტებისთვის - საბერძნეთის ელჩის საგანგებო მიმართვა

16:35 04-06-2019
137

ახალი სასწავლო წლიდან ათენში ქართული ენის სწავლება კიდევ ერთ სკოლაში იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციას და საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმართვას საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი ავრცელებს. მისი განცხადებით ათენის მუნიციპალიტეტის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად საელჩომ მიიღო ნებართვა, რომ სექტემბრიდან ქართული ენის სწავლების პროგრამა ათენის 150-ე საჯარო სკოლაშიც ამოქმედდება. რაც შეეხება პედაგოგებს, ელჩის განცხადებით, ათენში შეირჩა ორი პედაგოგი, რომლებიც მზად არიან ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ანაზღაურების გარეშე ჩაატარონ. 

იოსებ ნანობაშვილის შეფასებით ქართული ენის სწავლების პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ქართველების, ასევე ქვეყნის იმიჯის ინტერესის გათვალისწინებით. „საბერძნეთში საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პროგრამის შემდგომი გაფართოება მიმაჩნია ისეთ ამოცანად, რომელიც ატარებს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მომავალი თაობებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნების ფუნქციას, ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა საბერძნეთში ქართული ემიგრაციის იმიჯისა და პოზიციების გამყარების თვალსაზრისით“,- ნათქვამია ნანობაშვილის მიმართვაში. 

ქართული ენის პროგრამა პირველად 2017 წელს, ათენის 50-ე სკოლაში დაინერგა, სადაც ქართული ენის სწავლის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.