„ამან ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღო“ – რატომ გაუქმდა 2009 წელს სამშენებლო რეგულაციები?

11:51 01-18-2019
114

სამშენებლო ობიექტებზე ტრაგიკული შემთხვევების მატებას სპეციალისტების ნაწილი 2009 წელს გაუქმებულ რეგულაციებს უკავშირებს. 

როგორც ცნობილია, 2009 წელს, მიხეილ სააკაშვილმა დანერგა ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომლის ძირითადი კომპონენტი ბაზრის ლიბერალიზაცია იყო. აიკრძალა მარეგულირებელი სააგენტოების შექმნა, ასევე ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღება.

კანონში ცვლილებები შეეხო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესსაც. მანამდე სამშენებლო კომპანიებს არ ქონდათ უფლება შენობაში ხალხი შეესახლებინათ თუ კი ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული არ იქნებოდა. 

„გამოსავალია მთავრობის მიერ ქამრების მოჭერა და არა ხალხის და ბიზნესმენების ყელში წაჭერა დამატებითი მაკონტროლებლებით და რეგულირებებით,”- განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

შედეგად, ქვეყანაში თითქმის ყველა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მშენებლობის პროცესს გააკონტროლებდა და უსაფრთხოებაზე იზრუნებდა.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ამ ნაბიჯს ცალსახად უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ცვლილებებმა დედაქალაქს ბევრი ნეგატიური შედეგი მოუტანა. 

„წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა ყველა მაკონტროლებელი ორგანო, რათა სტიმულირება მომხდარიყო მშენებლობაში კაპიტალის დაბანდების. გაუქმდა ყველა სამშენებლო ნაბიჯის კონტროლი, რომელიც მოიცავს, სამშენებლო პროექტს, მშენებლობის წარმოებისა და სამშენებლო მასალის კონტროლს. ამან ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღო. პრობლემაა, როდესაც ექსპლუატაციაში შესული არ არის შენობა და იქ ხალხი ცხოვრობს. შესაძლებელია რომ ასეთ შენობებში გარე მოვლენებმა ხელი შეუწყოს სახიფათო პროცესებს, მაგალითად, როგორიც მოხდა გაზის გაჟონვით და აფეთქებით. რამდენად ხარისხიანია ახალი შენობები ეს არის მშენებლის სინდისზე დამოკიდებული, რადგან ამას არავინ აკონტროლებს“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 15 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონში ცვლილებები, რომელმაც სამშენებლო მასალის ხარისხი უნდა გააკონტროლოს. მმართველ გუნდში აღიარებენ რომ ჯერ კიდევ ბევრი საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს. 

„არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, თუ კი შენობა ექსპლუატაციაში არ არის შესული და მისი რეესტრში დარეგისტრირება შესაძლებელია. მსოფლიოში არ არსებობს შავი და თეთრი კარკასის მცნება, არსებობს ჩაბარებული და ჩაუბარებელი ბინა, ესეც საკანონმდებლო ხარვეზია. ამ ყველაფერზე იყო პარლამენტში საუბარი და ამაზე მერია ფიქრობს. მშენებლობის პროცესს მერია აკონტროლებს, ეკონომიკის სამინისტროს თავისი ფუნქციები აქვს. ძალიან ფართო პროცესია ეს. იდენტიფიცირებულია პრობლემები, რომლის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა მიმდინარეობს. როგორი განვითარების დონეც გვაქვს ისეთია პრობლემებიც ქვეყანაში, მთავარია არსებობდეს დინამიკა ამ პრობლემების მოგვარების“-აცხადებს „პრაიმტაიმთან“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

მშენებარე ობიექტებზე ტრაგიკულ შემთხვევებს წინა ხელისუფლების დროს გაუქმებულ რეგულაციებს უკავშირებს დედაქალაქის მოქმედი მერი კახი კალაძეც, რომელიც დღეს ამ საკითს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

„ეს არის ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დამსახურება, გააუქმეს რეგულაციები, კანონმდებლობიდან ამოიღეს ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომელიც ზღუდავდა ქაოტური განაშენიანებას, რასაც დღეს ვებრძვით ყველა.

ჩვენს პირობებში რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. როგორც კი მოვედით დედაქალაქი მთავრობაში, დავიწყეთ გარკვეული ცვლილებების განხორციელება და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. საკანონმდებლო ცვლილებები გადაგზავნილი იქნება პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, იქნება მზაობა, რომ ეს მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა კახი კალაძემ.
მან საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მშენებლობების პროცესში სხვადასხვა სახის დარღვევებზე გაზრდილი ჯარიმების შესახებ, კერძოდ: 
10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართოდ გაგრძელებაზე და ის 50 ათასი ლარი გახდა.
2,5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობებზე და გახდა 25 ათასი.

4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობაზე და გახდა 15 ათასი ლარი. 

10-ჯერ გაიზარდა სამშენებლო მოედნებზე უსაფრთოების ნორმების დარღვევაზე და გახდა 30 ათასი ლარი. 

საერთო ჯამში აღნიშნულ დარღვევებზე 2018 წლის განმავლობაში გამოწერილი იქნა 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა. 

„ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი. ეს არიან ადამიანები, ვინც ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა, ვინც კუს ტბის ტერიტორია გაასხვისა და გასცა სამშენებლო ნებართვა, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და გასცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ შევინარჩუნოთ დედაქალაქის ხიბლი და არავის მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. 20-25 წლის განმავლობაში მართკლაც მძიმე შედეგი დადგა დედაქალაქში და არავისთვის არ არის მისაღები რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად ამ პროცესში, კანონმდებლობის გამკაცრებვუის გზაზე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი. დარწმუნებული ვარ, ჩვებნ შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხებთ ამ გამოწვევებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.

 

ავტორი: თორნიკე ხურციძე