ქალი ყოფილ საყვარელს 12 სხვადასხვა ნომრიდან დღეში 100-ჯერ ურეკავდა

ქალი

დიდ ბრიტანეთში გაიმართა სასამართლო პროცესი ქალის წინააღმდეგ, რომელიც ყოფილ საყვარელს ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ასობით ზარითა და შეტყობინებებით ატერორებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მანჩესტერში მცხოვრებმა ესპანელმა ემილიო აგუერომ საჩივარი შეიტანა 29 წლის ქალის, ჰოუპ შიკის წინააღმდეგ, რომელთანაც მას ადრე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.

მამაკაცმა აღიარა, რომ შიკი აღარ უყვარდა, ამიტომ გადაწყვიტა მასთან დაშორება. ამის შემდეგ ქალმა სოციალურ ქსელებში შეტყობინებებით და სატელფონო ზარებით მისი ტერორიზება დაიწყო.

ერთ დღეს ბრიტანელმა ქალბატონმა ყოფილ ბოიფრენდს 12 სხვადასხვა ნომრიდან 100-ჯერ დაურეკა და ურთიერთობის განახლება მოსთხოვა. დევნა ორი თვე გაგრძელდა. შედეგად აგუერომ შეწყვიტა პასუხის გაცემა, შიკიმ კი მას ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: „მე მაქვს დანა. ვაპირებ თავის მოკვლას. ჩვენ უნდა შევხვდეთ".

აგუერო პოლიციას დაუკავშირდა და თქვა, რომ ის მუდმივ შიშში ცხოვრობს ყოფილი საყვარლის გამოხტომების გამო. კერძოდ, სახლიდან გასვლის ეშინია. თუ სადმე მაინც აუცილებლად გასასვლელია, უკანა კარს ხმარობს, რომ ქუჩაში შიკის არ გადაეყაროს.

სასამართლოზე ქალმა დანაშაული სრულად აღიარა. მას მიესაჯა ერთწლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა და სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდა ამისა, შიკის აგუეროსთან ყოველგვარი კონტაქტი აეკრძალა ერთი წლით.