ილონ მასკის კომპანიის რაკეტა ისევ აფეთქდა - რა მოხდა Starship-ის ბოლო ფრენისას

ილონ მასკის რაკეტა

 თბილისის დროით 28 მაისის 03:37 საათზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის რიგით მეცხრე საცდელი ფრენა შედგა.

ჰაერში აჭრილი აპარატის ორი საფეხური ერთმანეთს წარმატებით გამოეყო და ერთმა კოსმოსამდეც კი მიაღწია. ამის მიუხედავად, საბოლოოდ, ორივე მათგანთან კავშირი გაწყდა და ეს მისიაც აფეთქებით დასრულდა.

რაკეტის პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი - Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. Starship ჯერ სატესტო რეჟიმშია და კომპანია მის გაუმჯობესებას ცდილობს.

 

აქამდე უკვე რვა მისია იყო განხორციელებული, აქედან ორი კი მიმდინარე წელს შედგა. ორივე ჯერზე, ბოლოს მსგავსად, Ship-ის აფეთქება ვიხილეთ. მიზეზი სხვადასხვა იყო: ერთ შემთხვევაში Raptor-ის პრობლემა, ხოლო მეორეში - საწვავის გაჟონვა. სამაგიეროდ, Super Heavy უკან წარმატებით დაბრუნდა და სპეციალურ დამჭერ პლატფორმაში ჩაეშვა, თუმცა 28 მაისს ასე არ მომხდარა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკანასკნელი მისიისას მეშვიდე ფრენაში მონაწილე Super Heavy გამოიყენეს, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო. ამჯერად მას სხვაგვარი მიზნები ჰქონდა, მაგალითად, ატმოსფეროში განსხვავებული კუთხით უნდა შემოსულიყო და არაკონტროლირებადი მანევრი უნდა შეესრულებინა. ეს იმიტომ, რომ ასე აპარატის სიჩქარე შენელდებოდა და ნაკლები საწვავი დასჭირდებოდა.

სწორედ მსგავსმა ექსპერიმენტებმა გაართულა Super Heavy-ის პლატფორმაზე დაბრუნება, ამიტომ დამჭერი სტრუქტურის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ის მექსიკის ყურეში უნდა დაშვებულიყო. ამის მიუხედავად, ამაჩქარებელი ფრენიდან 6 წუთსა და 20 წამში განადგურდა.

რაც შეეხება Ship-ს, მან წინა ფრენებთან შედარებით შედეგები გარკვეულწილად გააუმჯობესა, რადგან სუბორბიტალური ტრაექტორიით გადაადგილებისას კოსმოსს მიაღწია. მას იქ გაშვებიდან 18.5 წუთში Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების არაფუნქციური მოდელები უნდა განეთავსებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან ტვირთის ლუქი ბოლომდე არ გაიხსნა. შემდეგ, აფრენიდან დაახლოებით 30 წუთში, Ship-მა რყევა დაიწყო, რამაც ავზებიდან საწვავის გაჟონვა გამოიწვია, სიმაღლეზე კონტროლი კი დაიკარგა.

საბოლოოდ, ის ინდოეთის ოკეანის თავზე განადგურდა. ეს მისიის მნიშვნელოვანი მონაცემების მიღებას შეუძლებელს ხდის, მაგრამ კომპანია რაკეტის ხელახლა გაშვებას ახლო მომავალში გეგმავს და იმედოვნებს, რომ შედეგების გაუმჯობესებას შეძლებს.