ირაკლი კობახიძე

1793812620

პრემიერი: Cipriani-ის შემოსვლა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის

ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს, ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, Cipriani Batumi არის ახალი სიტყვა საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.„მიხარია, რომ ამ მასშტაბური და მართლაც უნიკალური პროექტის წარდგენას ვესწრებით დღეს, ბათუმში. დღეს ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს უმაღლესი კლასის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს, Cipriani Batumi-ს. ეს შეიძლება, თამამად ითქვას, რომ არის ახალი სიტყვა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ეს არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 1931 წელს, ვენეციაში დაფუძნდა და ის მომსახურების დახვეწილი ხარისხით მსოფლიოს 19 ქალაქშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის, მონტე-კარლოს, დუბაის, მაიამისა და სხვა ქალაქების გვერდით, დღეს, ბათუმშიც იქნება მსოფლიო მასშტაბის ეს ბრენდი წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის არის, ნამდვილად, საამაყო მოვლენა.ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს. ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის დასტურია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური ტენდენციების გარეშე ასეთი პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი.ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ამ ხუთი წლის განმავლობაში არის 9.3 % და ეს ციფრი უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

1793811600

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“ და აღნიშნა, რომ ეს ორი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.„ეს არის 43-სართულიანი კომპლექსი და მის არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანულმა სტუდიამ, WilkinsonEyre-მა იზრუნა, რაც არის იმის გარანტია, რომ სათანადო გემოვნებით, ძალიან მაღალი და დახვეწილი გემოვნებით განხორციელდება პროექტი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“, რომლებიც არიან პროექტის სულისჩამდგმელები.  „ორბი ჯგუფი“ მსოფლიოს 22 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე ლათინურ ამერიკაში. კომპანიებს ჯამში, 5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის ბათუმში შექმნილი მსოფლიოში უდიდესი, 11 800-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი Orbi City. ამ ორი კომპანიის პარტნიორობით ხორციელდება ასევე თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,  მოიცავს დედაქალაქში მიმდინარე 550 მილიონი დოლარის ინვესტიციით - Central Park Towers, სადაც თავს 15 წამყვანი მსოფლიო ბრენდი მოიყრის. ეს პროექტები თავისთავად მეტყველებს ამ ორი კომპანიის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.ასევე, Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ამ ღონისძიების საპატიო სტუმარს - რონალდინიოს. მოხარული ვარ, რომ ის სიმბოლურად არის პირველი შემძენი საკუთრების ამ ახალ პროექტში და იმედს ვიტოვებ, ამის შემდეგ ის კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას და ამ ულამაზეს ქალაქს, ბათუმს. ყველას მადლობას გიხდით, ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, Cipriani-ს, „ორბი ჯგუფს“, „ბლოკ ჯგუფს“, დიზაინერებს, არქიტექტორებს, ამ ძალიან დახვეწილი პროექტის შემუშავებისთვის და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ,“- აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი ნადარეიშვილი

1793809020

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და კონკრეტულ პროექტებზე

„ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები წამყვან კორპორაციებთან გამართა.„ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკის, იმპორტის მიმართულებით. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრებს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა

1793808793

ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ გაიმართა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ გაიმართა.შეხვედრებზე სებ-მა ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარადგინა, რომელიც საოპერაციო საქმიანობის ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს.სემინარები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე.შეხვედრებს თბილისის 120-ზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი და სესხის გამცემი სუბიექტი დაესწრო. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.საინფორმაციო შეხვედრების წლევანდელმა სერიამ დედაქალაქსა და რეგიონებში ჯამში 300-ზე მეტი არასაბანკო სექტორის სუბიექტი მოიცვა. აღსანიშნია, რომ მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ბოლო სამი წელია ტარდება და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

თამარ იოსელიანი

1793808060

თამარ იოსელიანი: მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება

ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ვან ცინგჩაოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.თამარ იოსელიანის თქმით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.„China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 2026 წლის ივლისიდან China Eastern თბილისის მიმართულებით შანხაიდან ავიამიმოსვლას კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.მისივე თქმით, 2027 წლიდან China Eastern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას გაზრდის.„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავიამიმოსვლა წარმატებულია და ძალიან მოთხოვნადია, China Eastern-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, რაც დადებითად შეფასდა. მომავალი წლიდან დაემატება სიხშირეები და შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავა

1793717230

ნათია თურნავა - თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით წარმატებული იყო

27-28 ოქტომბერს, თბილისმა რიგით მეორე საერთაშორისო „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლა, რომელმაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის დაახლოებით 1 000 წარმომადგენელს მოუყარა თავი.სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.სამიტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების და საინვესტიციო კომპანიების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა გლობალური ფინანსური ტენდენციების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.ორდღიანი სამიტზე მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური ტენდენციები, რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, ციფრული ვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, ღია ბანკინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო პოტენციალი გააცნოს. მისივე შეფასებით, სამიტი საკმაოდ წარმატებული იყო და მასში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.სამიტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. პანელური დისკუსიების ფარგლებში მათ ისაუბრეს რეგიონული საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობაზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებაზე, საბანკო სექტორის პერსპექტივებსა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ფინანსური სექტორის განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელოვანი სიახლე იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმებული მემორანდუმები და ახალი ინიციატივები.კერძოდ, საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომავალი ლიდერების სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა Global Finance & Technology Network-მა (GFTN). შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (SMU) სწავლისა და საერთაშორისო ფინტექ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. სამიტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება AIFC Connect: Tbilisi 2026, რომელიც ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის, GFTN-ის ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებას, კაპიტალის ბაზრებზე ურთიერთწვდომის გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ხელშეწყობას.სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ღონისძიება Global Use of RMB, რომელიც Bank of China-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ჩინურ იუანში (RMB) საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო შესაძლებლობების ხელშეწყობა და ჩინეთს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში სებ-სა და Bank of China-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონის დემო დღეს. ჰაკათონში მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულმა გუნდებმა GITA-ს მიერ დაწესებულ ფულად პრიზებთან ერთად მოიპოვეს დუბაისა და სინგაპურის გლობალურ ტექნოლოგიურ  ღონისძიებებზე დასწრების საგზურები.„თბილისის ფინანსური სამიტი“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებას, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციების განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

ტურიზმი

1793687433

საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალი Virtuoso Magazine საქართველოზე: მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც საქართველო საბოლოოდ შემაყვარა

პრემიუმ სეგმენტის მოგზაურებზე ორიენტირებულმა საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალმა Virtuoso Magazine სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.პუბლიკაციის - „Georgia on My Mind“ ავტორი მეთ დუტილი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა. ჟურნალის მკითხველს ის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ვრცლად უზიარებს.„მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მიმოგზაურია, თუმცა, ამ პატარა, ჯორჯიის შტატის ნახევარი ზომის ქვეყნის სილამაზისთვის მაინც სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდი. საქართველოში ჩამოსვლამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკში, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე რესტორნებში დაგემოვნებული ქართული კერძები ძალიან მომწონდა... აქ მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც ეს ნაკლებად ცნობილი ქვეყანა საბოლოოდ შემაყვარა“, – აღნიშნავს ავტორი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის, სათავგადასავლო ტურიზმს ყაზბეგსა და ჯუთას ხეობაში, ხევსურეთის კულტურულ მემკვიდრეობასა და თუშეთის ხელუხლებელ ბუნებას. ავტორი ასევე ვრცლად წერს ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, სამზარეულოზე, მევენახეობა-მეღვინეობის უძველეს კულტურასა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას კი კახეთის ისტორიულ მარნებს უთმობს.პუბლიკაცია მკითხველს საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ექსკლუზიურ მარშრუტებსა და პრემიუმ კლასის სამოგზაურო გამოცდილებასაც აცნობს.ლუქსკლასის სამოგზაურო გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია და ფოტო-რეპორტაჟი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი, ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

ნინო ჯელაძე

1793608253

ნინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ თბილისში, ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენციის DGFI 2026-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური სექტორის, ბიზნესის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება ციფრული ფინანსების განვითარების, ფინანსურ სექტორში ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა.მისასალმებელ სიტყვაში ნინო ჯელაძემ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და რეგიონულ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული როლი ქვეყანას რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.„საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდურია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ამასთან, ქართული ბანკები აფართოებენ საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აძლიერებენ რეგიონულ პოზიციებს. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 33% ფინანსურ სექტორზე მოდიოდა, რაც სექტორისა და ქვეყნის განვითარების პოტენციალის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ადასტურებს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.კონფერენციაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩოს დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს, ასევე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASP) სავალდებულო რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სრულყოფილი ჩარჩოს შექმნაზე, რომლის საფუძველზეც რეგისტრირებულია 40-ზე მეტი პროვაიდერი, მათ შორის საერთაშორისო ოპერატორები. ნინო ჯელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სტეიბლკოინების პირველადი შეთავაზების სპეციალურ მარეგულირებელ ჩარჩოზეც, რომელიც ბაზარზე დაშვების, რეზერვებით უზრუნველყოფის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციების ხელშეწყობა მკაფიო რეგულაციებსა და ეფექტიან ზედამხედველობას შეუთავსოს, რაც ციფრული ფინანსების მიმართ ნდობისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.„ფინანსების მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს  ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, მდგრადი და სანდოა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვესმის, რომ ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ახალი იდეები გაჩნდება, ბიზნესი განვითარდება და მომხმარებლები უკეთესი ფინანსური მომსახურებით ისარგებლებენ, ამავდროულად კი დაცული იქნება ფინანსური სისტემის მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ტურიზმი

1793596902

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London მიიღებს მონაწილეობას.ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ.საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ.გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან.დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18.2%-ითაა გაზრდილი.

გაბრიაძე

1793376660

ირაკლი გაბრიაძე: „ველოდებით, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფაქტორინგის საერთო მოცულობა 10 მილიარდ ლარს მიაღწევს“

„ველოდებით, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფაქტორინგის საერთო მოცულობა 10 მილიარდ ლარს მიაღწევს. ფაქტორინგის ბაზრის ზრდის პოტენციალი საქართველოში საკმაოდ დიდია, ჩვენი მიზანია, ეს პოტენციალი სრულფასოვან და კონკურენტულ ბაზრად ვაქციოთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაზე.ღონისძიება Financing the Future of Trade: Factoring & Supply Chain Finance კორპორაციამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფაქტორინგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე, სექტორის ხელშემწყობი მარეგულირებელი, ფინანსური და ტექნოლოგიური მექანიზმები.„ფაქტორინგის განვითარება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი ამოცანაა, ქართულ ბიზნესს დაფინანსების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. ფაქტორინგი, საინვესტიციო ფონდებთან და კაპიტალის ბაზართან ერთად, მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიებს განვითარების, გაფართოებისა და ზრდის შესაძლებლობებს მისცემს“, - აღნიშნა კორპორაციის დირექტორმა.სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, FCI-ის რეგიონულმა დირექტორმა სპიროს ცოლისმა და IFC-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა შაბანა კაჰვარმა

ნინო ჯელაძე

1793366460

ნინო ჯელაძე: ფაქტორინგის განვითარება ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობას გაზრდის

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ფაქტორინგისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.ნინო ჯელაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფაქტორინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები დაფინანსების წყაროდ გამოიყენონ და გადახდის მოლოდინის პერიოდში საჭირო საბრუნავი კაპიტალი უფრო სწრაფად მიიღონ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს ფულადი ნაკადების მართვის გაუმჯობესებას, მომწოდებლებთან ანგარიშსწორებასა და ბიზნესის გაფართოებას.„ეროვნული ბანკის მიზანია საქართველოში ფაქტორინგი დაფინანსების პრაქტიკულ და სანდო წყაროდ აქციოს. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, დავეხმაროთ ბიზნესს საბრუნავი კაპიტალის უფრო ეფექტიანად მართვაში, გავაფართოოთ შესაძლებლობები ფინანსური სექტორისთვის და ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას“,- აღნიშნა ნინო ჯელაძემ.ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა რომ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2026 წლის 6 აპრილს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელმაც ბაზრის განვითარების სამართლებრივი საფუძველი შექმნა. მისი შეფასებით, ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბიმისი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.“საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტორინგის ბაზრის განვითარებაზე მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აგრძელებს. მათ შორისაა ფაქტორინგის კომპანიებისა და პლატფორმების საქმიანობის მარეგულირებელი წესების მომზადება, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორისა და ბიზნესის ინფორმირებულობის გაზრდა” - განაცხადა მან.ნინო ჯელაძემ ასევე ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, სამართლებრივი და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნასთან ერთად, ფაქტორინგის ბაზრის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი კომპეტენცია და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები.„ვაჭრობის დაფინანსების მომავალი: ფაქტორინგი და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება“ - ღონისძიება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციისა და ფაქტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (FCI) ორგანიზებით იმართება, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

Global Tech Weekend

1793366292

Global Tech Weekend: 5 დეკემბერს პანორამულ ბორბალზე იდეების წარსადგენად სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

Global Tech Weekend 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში, Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, „Pitch in a Ferris Wheel“ სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება ოფიციალურად დაიწყო. სტარტაპები საკუთარ იდეებს საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამული ბორბლის კაბინებში წარუდგენენ. განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო სტარტაპებსა და ინვესტორებს.ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობა. თითოეულ დამფუძნებელს  სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე.ყველა გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ხოლო გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ფორმატის მიზანი სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირება და გრძელვადიანი შედეგების შექმნაა.Global Tech Weekend იწვევს სტარტაპებს, რომლებიც საერთაშორისო ინვესტიციასა და ზრდას ეძებენ. შერჩეული დამფუძნებლები მიიღებენ შესაძლებლობას, პირისპირ შეხვდნენ Global Tech Weekend-ის გლობალური ქსელიდან სპეციალურად ჩამოსულ საერთაშორისო ინვესტორებს, დახურულ კაბინაში ექვს წუთიანი პრეზენტაცია წარადგინონ და გამარჯვებისა და ინვესტიციის მოზიდვის შანსი მოიპოვონ.ეს საინტერესო შესაძლებლობაა ინვესტორებისთვისაც, რათა ტრადიციული ბიზნეს შეხვედრების ჩარჩოებს მიღმა, პანორამული ბორბლის კაბინაში მოისმინონ ახალი იდეები. ფორმატი განკუთვნილია ვენჩურული ფონდების, ანგელოზი ინვესტორებისა და კორპორატიული ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს ეძებენ.განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმების შევსება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ სტარტაპსა და ინვესტორს.·სტარტაპების სააპლიკაციო ფორმა: იხ. ბმული·ინვესტორების სააპლიკაციო ფორმა: იხ. ბმულიGlobal Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქტივობა პანორამულ ბორბალში სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრა იქნება. პროგრამა ასევე მოიცავს Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალურ პრეზენტაციას, მომავალი წლის გეგმებისა და თარიღების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობების დაანონსებას, ექსკლუზიურ ნეთვორქინგს, საერთაშორისო სტუმრებთან შეხვედრებსა და მუსიკალურ პროგრამას.ორგანიზატორები წარადგენენ 2027 წლის ძირითად ინიციატივებს, კონცეფციას, და საერთაშორისო გაფართოების გეგმებს. ღონისძიება დახურულ ფორმატში ჩატარდება. დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma-ს გვერდზე.რეგისტრაცია: იხ. ბმული

✕