იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.
სხდომაზე ბაჩიაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა.
„24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, ორი დღე მატარეს თვალებახვეული, შემდეგ ჩამტენეს თვითმფრინავში და მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში. ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, საკუთარ თავს ნამდვილად აჯობა. წარმოდგენა არ მაქვს, იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, მაგრამ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემმა ამბავმა საერთაშორისო სკანდალი შეიძინა. ინტერპოლის მიერ ძებნა ჩემზე შეჩერებული იყო“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.
ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.