ზვიად რატიანს რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ხვალ შეიძლება ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს - მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებსა და მათ მიერ ძალადობის წახალისებას გამოეხმაურა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხდება ძალადობის წაქეზება და დანაშაულის საგმირო საქმედ წარმოჩინება.

„ეს ყოველივე იმის გამოძახილია, რომ ამისკენ წაქეზება მიმდინარეობს ყველა მხრიდან. ახლა ამას რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ამხელა კაცის ამ მოქმედებას, ასაკით, ხვალ რომ ეს 20 ან 17 წლის ბიჭმა გაიმეოროს, გაგიკვირდებათ? ის ჩათვლის, რომ ზრდასრული კაცი თუ ამას აკეთებს ნორმალურია. როდესაც შენ მერე ამას პოლიტპატიმარს დაარქმევ შეიძლება იმ ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს. ეს არის დათვური სამსახური ამ ახალგაზრდებისათვის და ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები!“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.