„იცით, რას ნიშნავს თქვენ მიერ ნათქვამი - „მარხვას ვერ შევინახავ?“ - ნაწყვეტი სასულიერო პირის ქადაგებიდან

marxva

პეტრეპავლობის მარხვა წელს 27 დღიანია. ამ მარხვაში, ოთხშაბათი-პარასკევის გარდა, თევზს მიირთმევენ. როგორ განმარტავს მარხვას დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ნახეთ ამონარიდი მისი ახალი ქადაგებიდან.

 დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: დღეს ერთ-ორ ადამიანს ვუთხარი, არ გაზიარებ-მეთქი? იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარხარ, არამედ იმიტომ, რომ არ გესმის კარგად რა არის მარხვა-მეთქი.

მარხვისგან თავისუფალი არავინაა - არც მეძუძური, არც ფეხმძიმე, არც აბიტურიენტი, არც - მოხუცი. მიდი მამაოსთან და უთხარი, მამაო, შემიმსუბუქე მარხვათქო და შეგიმსუბუქებს, შე დალოცვილო. როგორ შეიძლება თქვა, მარხვას ვერ შევინახავო? იცით, რას ნიშნავს თქვენ მიერ ნათქვამი „მარხვას ვერ შევინახავ“? მე ვერ დავიცავ ჩემს სარწმუნოებას! მარხვა ნიშნავს დაცვას. სამარხში ჩვენი წინაპრები არიან დამარხულნი; მარხვა ნიშნავს - მე ვიცავ ჩემს რწმენას, დოქტრინას, აღმსარებლობას. რისგან? სიშიშვლისგან, სიბრიყვისგან, ვნებებისგან, უბრალოდ საკვებსაც მოვიკლებ. ზოგს გასაგებია, რომ ექიმმა უთხრა, ხორცი მიიღეო, მაგრამ ოსპი ჭამე, ჩემო კარგო, ლობიო ჭამე. გამოდი ცოტა ხანი ინტერნეტიდან, შვიდი საათის ნაცვლად ორი საათი ისარგებლე, დანარჩენი დრო იმარხულე. ლუდი რომ გიყვარს და არ დალევ მარხვაში, ეგ არის მარხვა, ჩემო კარგებო. არსად არ წერია, ლუდი არ დალიოო, მაგრამ სიამოვნებაზე უარს რომ ამბობ, ეგ არის მარხვა. მე მარხვას არ შევინახავ, ეს არ შეიძლება, ჩემო კარგებო. შეძლებისდაგვარად უნდა შევინახოთ მარხვა.