პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

პაატა სალია

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.

პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

იუსტიციის მინისტრმა მონაწილეები 2026 წელს, თბილისში დაგეგმილ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.

"გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მინისტრებთან, შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან. მე მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი სამომავლო გეგმებო - კერძოდ, ფორუმის ორგანიზება თბილისში, 2026 წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს შესაძლებელს გახდის, რომ კიდევ ერთხელ, მთელმა მსოფლიომ ყურადღება მიაპყროს საქართველოს და გაიგოს იმ მიღწევების შესახებ, რაც ჩვენ გვაქვს საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით," - განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ეკონომიკური განვითარების საკითხებში, ნავიდ ჰანიფიმ.

"2025 წლის საჯარო სერვისების ფორუმი წარმატებით დასრულდა. აქ მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც პროგრესზე არიან ორიენტირებულები. მოხარულები ვართ, რომ მომავალ წელს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს საქართველო უმასპინძლებს. მოუთმენლად ველით ძალიან წარმატებულ და ნაყოფიერ ღონისძიებას და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს აქტიურ ჩართულობას საჯარო სერვისების შესახებ დისკუსიაში," - განაცხადა ნავიდ ჰანიფიმ.