1692302192
გიორგი ვოლსკი საქართველოს თემაზე PACE-ში დაგეგმილ დებატებზე: საკმარისია, ამას ქედი მოუხარო, რომ საქართველოში შეუქცევადი იქნება ის პროცესები, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაგეგმილ დებატებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, დაანონსებულია, რომ დღევანდელ დებატებზე გაკეთდება მოწოდება საქართველოში პატიმრების გათავისუფლების შესახებ.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეაში არ ითვალისწინებენ, რომ საქართველოში არსებობს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით კანონი და რომ ეს კანონი არავინ უნდა დაარღვიოს.
„საერთოდ არ აღნიშნავენ იმ კანონს, რომელიც არსებობს საქართველოში და რომ კანონი არ უნდა დაარღვიო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე წინასწარ გაქვს გამიზნული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გალაშქრება, წინასწარ გაქვს განსაზღვრული იმ გეგმის კონტურები, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია, მოქმედებს კონკრეტული რესურსების მეშვეობით. მას ფინანსურად და პოლიტიკურად მხარს უჭერს ევრო ბიუროკრატია. საკმარისია, ამას ქედი მოუხარო, რომ საქართველოში შეუქცევადი იქნება ის პროცესები, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ მკაცრია კანონი [საგამოძიებო კომისიაზე] გამოუცხადებლობის გამო და საქართველოში ეს იქცა განსასჯელ საკითხად, ვინაიდან უკავშირდება კონკრეტულ გეგმას - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი, რომელიც აწყობს ევრო ბიუროკრატიას კონკრეტული მიზნების და ამოცანების შესასრულებლად”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დაანონსებულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე, სადაც საქართველოს თემაზე დებატები გაიმართება, გაკეთდება მოწოდება პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, საქართველოზე შანტაჟის ენით საუბარი არ მოქმედებს.