დავით ქართველიშვილი: ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი „ოპოზიციის“ იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში „კარდაკარ“ აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ნიაღვარი სამი სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, ემიგრანტების, ადგილობრივი ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერების მხრიდან და სამივე მათგანი უცხოეთიდან, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდება.

„ბინძური ნიაღვრის სამი ნაკადი ფიქსირდება ჯერ-ჯერობით, 4 ოქტომბრის მოლოდინში. პირველ ნაკადს ქმნიან ქვეყნიდან გასული ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ და შორი მანძილიდან გვთავაზობენ ვირტუალური კუნთებით თამაშს. მათი ერთ-ერთი ბოლო დაპირებაა, 4 ოქტომბრის "გამანადგურებელ" აქციებზე უკრაინიდან "ქართული ლეგიონის" დესანტირება და რევოლუციონერების პირველ რიგებში ავღანეთისა და ერაყის სამხედრო სკოლა-გავლილი "ბოევიკების" მონაწილეობა. რატომღაც ამ გმირ ბიჭებს აიგივებენ "ქილერებთან" და "ტერორისტებთან", რომლებსაც სწყურიათ ქართული სისხლი და ისინი მას რატომღაც აუცილებლად დაღვრიან კოლექტიური "ხაბეს" გამო.

მეორე ტრადიციული ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი არარეპროდუქტიული "ოპოზიციის" იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში "კარდაკარ" აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში - დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ხვდებიან ყველას და "ყველაფერს" - ოღონდ არა ქართულს და ეროვნულს. ეს არის მოღალატე უსამშობლოთა ტრაგიკული ხვედრი მათთვის უცხო სხეულში - საქართველოში არსებობისა. ამ ტაქტიკას თვალს ვადევნებთ მერამდენე წელიწადია, და თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე შეიცვალა პრინციპით: "მიცვალებული ადგა!" - დამავალებთ, თუ მეც გამაგებინებთ.

და მესამე ბინძური ნაკადი - "ოცნების" ყოფილი "გულმხურვალე" მხარდამჭერების მხრიდან, ვინც ბიძინა ივანიშვილის "ინტერესების დაცვის" ნიღაბით, ცდილობენ მის გადარჩენას "უღირსი" და "მოღალატე" თანაგუნდელებისაგან. აქაც, გარედან მართული ფინანსური შთაგონებით შერჩეული ჰყავთ ის პიროვნებები, რომლებშიც რეალურ საფრთხეს ხედავენ ქვეყნის ქაოსში შემობრუნების აღმკვეთი ინსტრუმენტების სახით. ამ კუთხით, ბოლო დროს მათთვის შეტევების ყველაზე ხშირი ობიექტი - მამუკა მდინარაძე გახდა და ეს შეტევები მხოლოდ გააქტიურდება.

სლავებს აქვთ გამონათქვამი: "ვინც გოგოს "ავახშმებს" - ის "ეცეკვება" მას". ამ სამივე ნაკადს ადრე თუ გვიან მკვებავი ფინანსური სტიმულატორები ამოეწურებათ. სხვათა შორის, სამივე სხვადასხვა "ბანკომატიდან" იკვებება, თუმცა სამივეს ერთი რამ აერთიანებს. ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან, "ტყუილად ჭამენ პურსა", თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ თითოეული ათვისებული ცენტი თუ კაპიკი, გადაფარონ "აგრესიული" კიჟინათი, რომლის უკან ტრადიციულად არც არაფერი იმალებოდა, არც ამჟამად იმალება და მით უმეტეს - მომავალ დროში მათი მოხსენიება ჩვენი სახელოვანი ერისთვის დიდი და უპატიებელი სირცხვილი იქნება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.