ივლისში 100%-ით დატვირთული იყო როგორც ჩვენი მართვის ქვეშ მყოფი, ასევე თბილისის მასშტაბით არსებული სხვა სასტუმროები - McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი

ივლისში 100%-ით დატვირთული იყო როგორც ჩვენი მართვის ქვეშ მყოფი, ასევე თბილისის მასშტაბით არსებული სხვა სასტუმროები - McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი

წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ში პროგნოზირებენ, რომ უცხოელი სტუმრების კუთხით შემოდგომაც წარმატებული იქნება.

McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონზე სასტუმროების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია.
„ამ ეტაპზე აგვისტოს დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალ დატვირთულობაში ვგულისხმობ 90%-ზე მეტ მაჩვენებლებს. არის დღეები, როცა ყველა ნომერი დაკავებულია და სასტუმროები 100%-ით ივსება. აქ საუბარია არამხოლოდ ბათუმის, ასევე თბილისის სასტუმროებზეც. ამაზე კი განსაკუთრებული გავლენა იქონია სხვადასხვა ღონისძიებებმა. მოგეხსენებათ, რომ ივლისში რამდენიმე დღე დაფიქსირდა, როდესაც 100%-ით დატვირთული იყო არამხოლოდ ჩვენი მართვის ქვეშ, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში. იგივე სიტუაციაა აგვისტოზე ბათუმშიც. არის თარიღები, როდესაც უკვე წინასწარ 100%-ითაა შევსებული“, - ამბობს მაია წერეთელი.

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს და ზოგადად სასტუმროების სტუმრებს, McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დიდი წილი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის. 

„უცხოელი სტუმრების გეოგრაფია კვლავ იგივე რჩება. უმეტესი მათგანი ჩამოდიან აზიის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა არის ბევრი ევროპელი სტუმარი, მათ შორის გაზრდილია ვიზიტები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან და ასევე შეინიშნება ზრდა ბრიტანეთიდან“, - აცხადებს მაია წერეთელი.

მისივე თქმით, შემოდგომის მაგალითზე თბილისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. „ჯავშნების კუთხით დიდი მოთხოვნაა. ამიტომ კარგ შემოდგომას ველოდებით“, - ამბობს წერეთელი.