მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაღლითი საიმონ ლევიევი ქუთაისის ციხეშია - ქართულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა „თაღლით რომეოს“ გერმანიას

 საიმონ ლევიევი

ბათუმის აეროპორტი, 14 სექტემბერი - თელ-ავივიდან თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე, სხვა მგზავრებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი "თაღლითი რომეო" - საიმონ ლევიევი აღმოჩნდა.

ინტერპოლით ძებნილ 35 წლის ლევიევს ქართველმა სამართალდამცველებმა აეროპორტში ხელბორკილი დაადეს. გაირკვა, რომ საქართველოს მოულოდნელ სტუმარს წითელი ცირკულარით გერმანია ეძებს.

საიმონ ლევიევი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაღლითია, რომელმაც, ქალებთან ყალბი სასიყვარულო ურთიერთობებით, მილიონები იშოვა. ერთი კაცის არაერთ მსხვერპლზე "ნეტფლიქსმა", 3 წლის წინ, დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. საიმონ ლევიევი, სწორედ ფილმის გამოშვების შემდეგ, მსოფლიომ გაიცნო, როგორც დახვეწილი მატყუარა.

რა გეგმები ჰქონდა საქართველოში, არავინ იცის. გაირკვა, რომ მისი დაკავების მიზეზი გერმანიის მოქალაქისგან, თაღლითურად მითვისებული 50 ათასამდე ევრო გახდა. ამ საქმეზე საიმონს გერმანიამ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

საქართველოში დაკავების შემდეგ, საიმონ ლევიევს ადვოკატი ახლობლებმა ისრაელიდან მოუძებნეს. ბათუმის სასამართლოში, ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უდანაშაულოა, თუმცა მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

"კურიერი P.S.-მა" დეტალები გაარკვია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ საიმონ ლევიევმა გერმანელ ქალს სატელეფონო და საბანკო ბარათები ააღებინა და მოტყუებით გამოსძალა 50 ათასამდე ევრო.

დაზარალებული ბევრია, თაღლითური სქემა კი - ერთი. საიმონ ლევიევი ქალებს ჯერ გაცნობის აპლიკაციაში ეკონტაქტებოდა, სხვადასხვა მეთოდით თავს აყვარებდა, შემდეგ კი მათ საბანკო ანგარიშებს აცარიელებდა. "ნეტფლიქსის" ფილმის თაღლითი გმირი თავს მილიონერად ასაღებდა. ქალებს არწმუნებდა, რომ ბრილიანტების ებრაელი მაგნატის, ლევ ლევიევის შვილია. მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და ცხოვრობდა მაღალი კლასის სასტუმროებში. მსხვერპლმა ქალებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში საიმონ ლევიევი თაღლითობაში მხილებული ისრაელის მოქალაქე, შიმონ ჰაიუტია და წლების განმავლობაში ყალბი ვინაობით სარგებლობდა.

ფილმში მსხვერპლი ქალები ტინდერის თაღლითთან ურთიერთობას დეტალურად აღწერენ. ემოციებს ვერ იკავებენ, როდესაც ახსენდებათ, რა ძვირი დაუჯდათ წარუმატებელი პაემანი არარსებულ მილიონერთან.

უცხოური მედიის ცნობით, საიმონი ჯერ ფინეთში, შემდეგ ისრაელში დააკავეს. მან ციხე მალე დატოვა. "ნეტფლიქსის" ფილმზე ის სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუებში საუბრობდა და თავს მსხვერპლად წარმოაჩენდა.

ინტერპოლით ძებნილის საქართველოში დაკავებას საერთაშორისო მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო. თაღლითის საქმის დეტალები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა.

მაგალითად, Times of Israel-ი წერს, რომ საიმონ ლევიევის დაკავებამ მსხვერპლ ქალებს შვება მოუტანა. დაზარალებულები ფაქტს სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ.

გამორიცხული არ არის, რომ "ტინდერ-თაღლითის" სამიზნე ქართველი ქალებიც გამხდარიყვნენ, თუმცა დანაშაულის არაერთ ფაქტში მხილებული კაცი უკვე ქუთაისის ციხეშია.

ადვოკატი საექსტრადიციო პატიმრობას რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს. პროცედურებს 9 თვე სჭირდება - საბოლოოდ, ქართულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა გერმანიას "თაღლითი რომეო".