სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ამბავმა მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული - დიზაინერმა მოდის სამყაროზე ნამდვილად წარუშლელი კვალი დატოვა. არმანის სახელი დღემდე იტალიურ ელეგანტურობასთან და სტილთან ასოცირდება.
„მოდა ქრება – სტილი კი რჩება“, - კარიერის მანძილზე ჯორჯო არმანი სწორედ ამ მარტივი ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობდა.
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ლეგენდარულმა დიზაინერმა ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რას ნანობდა ყველაზე მეტად ცხოვრებაში:
„ერთადერთი, რასაც ვნანობ , ის არის, რომ მეტისმეტად ბევრს ვმუშაობდი და ძალიან ცოტა დროს ვატარებდი მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში".
კითხვაზე, თუ როგორი იყო სამუშაოსადმი მისი დამოკიდებულება, დიზაინერი ასე პასუხობდა:
„თავდადება, აბსოლუტური სიჯიუტე და სრული კონტროლი საკუთარ თავზე. მე პირადად ვამტკიცებ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ვერავის დავადანაშაულებ, თუ რამე არასწორად მოხდება. ჩემს შემოქმედებაში ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ეს ჩანს“.
ცოტამ თუ იცის, რომ ჯორჯო არმანი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. მესამე კურსის დასრულების შემდეგ მას ჯარში წასვლა მოუწია. უკან დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა სამედიცინო სფეროს აღარ დაჰბრუნებოდა და მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო. მისი ნიჭიერება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. წარმატებამაც არ დააყოვნა - 1975 წელს მან საკუთარი კომპანია „ჯორჯო არმანი“ დააარსა.
თავად დიზაინერი ხშირად ამბობდა, რომ მასზე დიდი ზეგავლენა დედამ მოახდინა – სწორედ ის დაეხმარა სილამაზე სხეულისა და სულის ჰარმონიად აღექვა. არმანი აღნიშნავდა, რომ დედამისი საოცრად დახვეწილი ქალი იყო, რომელიც ფინანსური სიდუხჭირის მიუხედავად, ცდილობდა მის შვილებს ყოველთვის გემოვნებიანად სცმოდათ.
„დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა - თუ სილამაზის შექმნა გსურს გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა და არა მეტი“,- ამბობდა ჯორჯო არმანი.
დიზაინერი უპირატესობას შავ ფერს ანიჭებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. ლურჯი მისთვის დელიკატური ფერი იყო, რომელსაც სიმშვიდე მოჰქონდა. ტანსაცმლის საუკეთესო ელემენტად კი ქურთუკს მიიჩნევდა.
მისი თქმით, დიზაინერი რომ არა, აუცილებლად რეჟისორი გახდებოდა.
ჯორჯო არმანს ღრმად სჯეროდა, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონება იყო – ამიტომ, ვარჯიშს დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ დროს უთმობდა.
საკუთარ შემოქმედებას დიზაინერი ასე ახასიათებდა - „ჩემი მთავარი დასკვნა ჩემს შესახებ:- ჯორჯო არმანი ყველაფერს თავისი გზით აკეთებს“.