1759659123
ვენერას ორბიტის სიახლოვეს დედამიწისთვის სახიფათო ასტეროიდები იმალებიან — ახალი კვლევა

შეიძლება სრულიად გამოგვრჩა დედამიწისთვის საფრთხის შემცველ ასტეროიდთა მთელი პოპულაცია, რომელთა დანახვაც უკიდურესად რთულია.
ვენერას ორბიტასთან საზიარო სივრცეში, მზის გარშემო შეიძლება მოძრაობდეს ასობით აღმოუჩენელი ასტეროიდი, რომელთაც უბრალოდ მათი პოზიციიდან გამომდინარე ვერ ვხედავთ.
ვინაიდან ისინი მზის სისტემის ცენტრთან ჩვენზე უფრო ახლოს არიან, მათ დასანახად მზის მიმართულებით უნდა ვიყუროთ — რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ არეკლილ ნებისმიერ სინათლეს მზის დიდი სიკაშკაშე ფარავს.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს პოტენციურად სახიფათო ასტეროიდთა პოპულაცია, რომელთა დაფიქსირებაც შეუძლებელია ამჟამინდელი ტელესკოპებით. ეს ობიექტები მზის გარშემო მოძრაობენ, მაგრამ არ მიეკუთვნებიან მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელს. ამის ნაცვლად, ისინი გაცილებით ახლოს არიან, იმყოფებიან ვენერასთან რეზონანსში. თუმცა, მათზე დაკვირვება იმდენად რთულია, რომ დღემდე უხილავები არიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შორეულ მომავალში ჩვენს პლანეტასთან შეჯახების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ“, — ამბობს სან-პაულუს უნივერსიტეტის ასტრონომი ვალერიო კარუბა.
ეს ობიექტები სულაც არ არის ჰიპოთეტური. ამ დროისათვის, ასტრონომებს უკვე აღმოჩენილი აქვთ 20 ასტეროიდი, რომლებსაც ვენერასთან საერთო ორბიტა აქვთ (თანაორბიტა). თანაორბიტული იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ვენერას უვლიან გარშემო, არამედ იმას, რომ მზის გარშემო ვენერას ორბიტასთან სინქრონულად მოძრაობენ — ზოგჯერ მის წინ, ზოგჯერ უკან მიჰყვებიან და ზოგჯერ ვენერას ორბიტას წინიდან და უკნიდან კვეთენ.
ის, რაც ამ ობიექტთა შესახებ ვიცით, მიუთითებს, რომ ისინი დიდად სტაბილურები არ არიან. პირიქით, არიან ძლიერ ქაოსურები და მზის გარშემო მათი ორბიტების ფორმები დროის შედარებით მცირე მონაკვეთებში იცვლება, საშუალოდ 12 000 წელიწადში. ამას გარდა, მათი გზის საიმედოდ პროგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ დაახლოებით 150 წლით წინასწარ.
მისი ორბიტის ფორმის შემთხვევითი გადასვლის დროს, ასტეროიდს შეუძლია ვენერას გარშემო შედარებით სტაბილური ორბიტიდან გამოვიდეს და დედამიწას მიუახლოვდეს პოტენციურად საშიშად ახლოს. შეიძლება დედამიწის ორბიტაც კი გადაკვეთონ.
მეცნიერთა აზრით, ეს ამჟამად ცნობილი ობიექტები მხოლოდ აისბერგის წვერია ვენერას თანაორბიტული ასტეროიდების პოპულაციისა და მათი აბსოლუტური უმეტესობა ჯერ აღმოუჩენელია.
„ამ პოპულაციაში შეიძლება იმალებოდეს 300 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდები, რომელთა დაცემის შემთხვევაშიც, წარმოიქმნება 3 – 4,5-კილომეტრის სიგანის კრატერები და გამოიყოფა ასობით მეგატონის ეკვივალენტი ენერგია. მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაცემა მასშტაბურ ნგრევას გამოიწვევდა“, — ამბობს კარუბა.
ამ დროისათვის დაფიქსირებულ ვენერას თანაორბიტულ ასტეროიდებს ერთი რამ აქვთ საერთო — 0.38-ზე მაღალი ექსცენტრულობა. ექსცენტრულობა არის ორბიტის სიმრგვალის საზომი. 0 ექსცენტრიულობა ნიშნავს სრულყოფილად წრიულ ორბიტას. დედამიწის ორბიტას მზის გარშემო აქვს 0.017 ექსცენტრულობა, ანუ სრულად წრიულთან ძალიან ახლოსაა. რაც უფრო მაღალია ექსცენტრულობა, მით მეტად გაწელილია ორბიტა.
ვინაიდან ჩვენთვის ცნობილ ვენერას თანაორბიტელ ასტეროიდებს ძლიერ ექსცენტრული ორბიტა აქვთ, ძლიერ შორდებიან ვენერას და უახლოვდებიან დედამიწას; შესაბამისად, ადვილად ხილვადი ხდებიან ბინდისას, როცა მზე ჰოროზონტს დაბლაა, მაგრამ მაინც ანათებს პატარა, ახლომდებარე ობიექტებს.
კარუბამ და მისმა კოლეგებმა სიმულაციებით შეისწავლეს დაბალი ექსცენტრიულობის მქონე ვენერას თანაორბიტელები. განსაკუთრებით ფოკუსირებული იყვნენ შესაძლო ორბიტათა დიაპაზონზე, ფლობდნენ თუ არა ეს ორბიტები საფრთხეს დედამიწისთვის და ასევე, დაეხმარება თუ არა მეცნიერებს მათზე დაკვირვებაში ვერა რუბინის ობსერვატორია — რომელიც სულ მალე გამოიყენებს კაცობრიობის მიერ შექმნილ უდიდეს ციფრულ კამერას.
შედეგებმა გამოავლინა 0.38-ზე დაბალი ექსცენტრიულობის მქონე ორბიტები, რომლებიც მომავალში შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ დედამიწისთვის. შემაშფოთებელია, მაგრამ ვერა რუბინის ობსერვატორია მათ დანახვას მხოლოდ დროის შეზღუდულ მონაკვეთში შეძლებს წელიწადის გარკვეულ დროს.
ამასობაში, მზის სისტემის შესახებ ჩვენს ცოდნაში არსებული ეს ნაპრალი განსაკუთრებული პრობლემაა პლანეტური თავდაცვისთვის — გაცილებით ძნელია ისეთი პრობლემის გადაჭრა, რომლის მოახლოებასაც ვერ ხედავ.
თუმცა, არსებობს სხვა გამოსავალი. ობსერვატორია, რომელიც განთავსდება ფ გარშემო ორბიტაზე ან გაიზიარებს ვენერას ორბიტას, გაცილებით უკეთესად დაინახავს მის თანაორბიტელ ასტეროიდებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი მისიები, როგორიცაა NASA-ს NEO Surveyor-ი, მზის სისტემის შიდა ნაწილის ამ ბრმა წერტილის მოსაგვარებლადაა შექმნილი.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა