წყლიდან ამოყვანის შემდეგ, თევზი 22 წუთის განმავლობაში განიცდის ძლიერ ტკივილს - ახალი კვლევა

თევზი

ყოველწლიურად ტრილიონობით თევზს იჭერენ. როგორც წესი, ბოლოს ისინი ჩვენს თეფშებზე ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოველს ჩვენთვის დიდად სასარგებლო შედეგები მოაქვს, ახალმა კვლევამ შეაფასა, როგორ იტანჯებიან ამით ისინი.

ცისარტყელა კალმახი (Oncorhynchus mykiss) თავდაპირველად მხოლოდ წყნარი ოკეანის ცივწყლიან შენაკადებში ბინადრობდა, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პოპულარული თევზია, მოშენებულია ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა.

მათ ძირითადად ასფიქსიით ხოცავენ, ან ღია ჰაერში, ან ყინულიან წყალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზის მასობრივად დახოცვის ეკონომიური გზაა, ბიოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ მეთოდით სიკვდილისას, თითოეული თევზი დაახლოებით 22 წუთის განმავლობაში განიცდის ძლიერ ტკივილს.

ცხოველის ტანჯვის რაოდენობრივი შეფასება რთულია, მაგრამ ბოლო პერიოდში მეცნიერებმა შექმნეს სტანდარტიზებული ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს მათ მიერ განცდილი უარყოფითი მდგომარეობების, მაგალითად, სტრესის ან ტკივილის ხანგრძლივობას.

მას კეთილდღეობის კვალის ჩარჩოს (WFF) უწოდებენ. მისი მიზანია, რომ ცხოველებთან მომუშავე ადამიანებს — ბიოლოგებს, ვეტერინარებს, ზოოპარკის მომვლელებს, ფერმერებს და ა. შ. — გაუადვილოს ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების გაუმჯობესება.

„იზრდება საზოგადოების შეშფოთება ცხოველთა კეთილდღეობაზე პროდუქციის წარმოების პრაქტიკის გავლენის შესახებ. ჩვენი კვლევა გვთავაზობს პირველ რაოდენობრივ შეფასებას დახოცვის დროს თევზების მიერ განცდილი ტკივილისა და წარმოაჩენს რომ შესაძლებელია კეთილდღეობის გაუმჯობესება სხვა მეთოდების გამოყენებით“, — წერენ მკვლევრები.

გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების კვლევით, ჯგუფმა წყლიდან ამოყვანილი თევზის გამოცდილების დეტალური სურათი შექმნა.

ჰაერზე ხუთი წამით მოხვედრაც კი, თევზში იწვევს ნეიროქიმიურ რეაქციას, რაც შეიძლება შევადაროთ ჩვენში უარყოფით ემოციებს. ძლიერი ხტუნაობა და კლაკვნა კიდევ უფრო წარმოაჩენს რეაქციის სიძლიერეს.

წყლის გარეშე, ლაყუჩების დელიკატური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლას — ერთმანეთს ეწებება და ხდება სუნთქვის შედეგად ნახშირორჟანგის დაგროვება. CO2 დონის აწევა რთავს ნოციცეპციას — სხეულის განგაშის სისტემას, რაც თევზის შეხუთვას იწვევს. თანდათანობით, მომატებული CO2 ცხოველის სისხლს და ცერებროსპინალურ სითხეს ამჟავიანებს, რაც საბოლოოდ გონების დაკარგვას იწვევს.

თევზის ზომის და იმ გარემოს მიხედვით, რომელშიც მას კლავენ, ეს მტანჯველი გამოცდილება 2-დან 25 წუთამდე გრძელდება.

„პროდუქციის სტანდარტულ წარმოებაში ეს შეესაბამება საშუალოდ 24 წუთს კილოგრამზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთ საათამდე უკიდურეს ტკივილს“, — წერენ მკვლევრები.

მათი შეფასებით, თევზის ელექტროშოკით დახოცვა, რაც ჰუმანურ ალტერნატივად მიიჩნევა, ტკივილს გარკვეულწილად ამცირებს.

როგორც თავის ტვინის სკანირებები მიუთითებს, ელექტროშოკით დახოცვა ძლიერ ცვალებადია — იდეალურ შემთხვევაში, თევზი დაუყოვნებლივ ითიშება და სრულებით არ აქვს ცნობიერება სიკვდილამდე. თუმცა, ამჟამინდელი მეთოდებით ყოველთვის ასე არაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის რთულია ჩვენი ადამიანური საქმიანობის ფასის ცხოველური პერსპექტივიდან დანახვა, ცხოველთა გამოცდილების ეს შედარებითი საზომი მკაფიო სურათს გვთავაზობს იმისა, თუ სად შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენ მიერ საკვებად გამოყენებული ცხოველების კეთილდღეობა.

თევზის ხოცვის ყველაზე გავრცელებული მეთოდის თანმხლები ტკივილის რაოდენობრივი შეფასებით, შესაძლოა, უკეთესი გზა ვიპოვოთ იმ მილიარდობით ცხოველზე ზრუნვისთვის, რომლებიც წლიდან-წლამდე გვკვებავენ.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა