1752081684
სავარაუდოდ, სატურნს რაღაც შეეჯახა — ასტრონომები დახმარებას ითხოვენ

პლანეტარული ვიზუალური ობსერვატორიისა და ლაბორატორიის (PVOL) წარმომადგენლები კოლეგებს მონაცემების მოძიებაში დახმარებას სთხოვენ. ეს მას შემდეგ, რაც NASA-ში მომუშავე მარიო რანამ სატურნთან უცნობი ობიექტის სავარაუდო შეჯახება დააფიქსირა.
ამის დასადასტურებლად მეცნიერებს ჯერჯერობით საკმარისი მასალა არ მოეპოვებათ, რის გამოც ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მათთვის გამოსადეგია.
სატურნი, იუპიტერის მსგავსად, აირისგან შედგენილი გიგანტური პლანეტაა, რომელსაც დიდი მასა აქვს. შესაბამისად, მისი გრავიტაციაც ძლიერია და ასტეროიდებს იზიდავს. დედამიწასა და სხვა მყარ ციურ სხეულებზე ასეთი შეჯახება კრატერს ტოვებს, სატურნს კი კლდოვანი ზედაპირი არ გააჩნია. მისი ატმოსფეროს ზედა შრეები ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, ამიტომ იქ ასეთი მოვლენის კვალის ძიება თითქმის უშედეგოა.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეჯახებების რაოდენობის გამოთვლა სცადეს. მათ დაასკვნეს, რომ 1 კილომეტრზე მეტი ზომის ობიექტები სატურნის ატმოსფეროში საშუალოდ ყოველ 3 125 წელში ერთხელ უჩინარდება, ანუ ეს მაჩვენებელი წელიწადში 0.0032-ს უდრის. მომცრო სხეულებს ის უფრო ხშირად უნდა შთანთქავდეს და, შესაძლებელია, ასეთი მოვლენების კვალი პლანეტის უზარმაზარმა რგოლებმა შემოინახოს.
გამოთვლების თანახმად, სატურნთან პატარა ობიექტების შეჯახების სიხშირე წელიწადში 8000-ია. ამის მიუხედავად, დღემდე ასეთი რამ არასდროს აღგვიბეჭდავს. უკანასკნელი შემთხვევა, შესაძლოა, პირველი მსგავსი კადრი იყოს. მარიო რანამ ის 5 ივლისს გადაიღო, თბილისის დროით 13:00-13:15 საათებს შორის პერიოდში.
სურათის მარცხენა ნაწილში სატურნის კიდესთან ახლოს ნათელი რეგიონი ჩანს, რომელიც პოტენციური შეჯახების ადგილზე მიანიშნებს. სწორედ ამგვარი სინათლე წარმოიქმნება მაშინაც, როცა ობიექტები იუპიტერის ატმოსფეროში ხვდება.
მეტის გასაგებად აუცილებელია, რომ დროის ამ მონაკვეთში სხვა ტელესკოპებით გადაღებული კადრებიც შეისწავლონ. PVOL ასტრონომებს მოუწოდებს, რომ ამასთან კავშირის მქონე ნებისმიერი ვიზუალური მასალა გაუზიარონ. იმედოვნებენ, რომ დამატებითი მონაცემებით გაიგებენ, ვიხილეთ თუ არა სატურნთან უცხო სხეულის შეჯახება ისტორიაში პირველად.