„სამი მშობლის“ ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდით, ბრიტანეთში რვა ბავშვი დაიბადა

ტყუპი

გაერთიანებულ სამეფოში რვა ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა ინ-ვიტრო განაყოფიერების ახალი მეთოდის გამოყენებით, რომელმაც წარმატებით შეამცირა დედის მხრიდან მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადების რისკი. მსგავსი ცდა მსოფლიოში პირველად ჩატარდა.

შედეგები რევოლუციურად მიიჩნევა და აჩენს იმედს მიტოქონდრიულ დნმ-ში მუტაციების მქონე ქალებისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეყოლებათ ბავშვები, რომლებსაც მათგან მემკვიდრეობით არ გაჰყვებათ დამასუსტებელი და სასიკვდილო დაავადება.

ყოველი 5000-დან ერთ ბავშვს მიტოქონდრიული დაავადება აქვს, რომლის მკურნალობაც შეუძლებელია; სიმპტომებს შორის არის მხედველობის დარღვევა, დიაბეტი და კუნთების დაუძლურება.

2015 წელს ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დაამტკიცეს ინ-ვიტრო განაყოფიერების(IVF) მეთოდი, რომელიც იყენებს დონორის კვერცხუჯრედის მცირე ოდენობით ჯანმრთელ მიტოქონდრიულ დნმ-ს — ისევე როგორც დედის კვერცხუჯრედსა და მამის სპერმას.

ამ პროცესის შედეგებს ზოგი „სამმშობლიან ბავშვებს“ უწოდებს, მაგრამ მკვლევრებმა ეს ტერმინი უკუაგდეს, რადგან ახალშობილთა დნმ-ის მხოლოდ 0,1 პროცენტი ეკუთვნის დონორს.

ნიუკასლის ნაყოფიერების ცენტრში პროცედურა 22-მა ქალმა გაიარა, დაიბადა რვა ბავშვი. ოთხი ბიჭი და ოთხი გოგონა ახლა ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკში არიან.

მკვლევართა განცხადებით, დაავადების გამომწვევი მუტირებული მიტოქონდრიული დნმ-ის რაოდენობა ექვს ჩვილში 95-100 პროცენტით შეამცირეს.

დანარჩენ ორ ბავშვში რაოდენობა 77-78 პროცენტით შემცირდა, რაც დაავადების გამომწვევი დიაპაზონის დაბლაა.

შედეგები მიუთითებს, რომ მეთოდი ეფექტიანია დედისგან ჩვილზე დაავადების გადადების შემცირების თვალსაზრისით.

რვავე ბავშვი ამჟამად ჯანმრთელია, მაგრამ ერთს აღენიშნებოდა გულის რიტმის დარღვევა, რასაც წარმატებით უმკურნალეს.

რეპროდუქციის შვედი ექსპერტი ნილს-გორან ლარსონი, რომელიც ამ კვლევაში არ მონაწილეობდა, შედეგებს „რევოლუციურს“ უწოდებს. მისი თქმით, ახალი მეთოდი გვთავაზობს „ძალიან მნიშვნელოვან რეპროდუქციულ ვარიანტს“ იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც გამანადგურებელი მიტოქონდრიული დაავადების პრობლემა აქვთ.

მიტოქონდრიული დნმ-ის დონაცია საკამათო საკითხად რჩება და მრავალ ქვეყანაში ამის ნებართვა არ არსებობს, მათ შორის არც აშშ-სა და საფრანგეთში.

პროცედურას ეწინააღმდეგებიან რელიგიური ლიდერები. ზოგსაც მიაჩნია, რომ ამან შეიძლება გზა გაუხსნას გენმოდიფიცირებულ ჩვილთა შექმნას.

ბრიტანეთის ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი პიტერ ტომპსონი, რომელმაც პროცედურა დაამტკიცა, ამბობს, რომ ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მიტოქონდრიული დაავადების გადაცემის ძალიან მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

კვლევის შედეგები რამდენიმე პუბლიკაციად გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა