რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
ჩვენი მეხსიერება ცხოვრებასავით უწყვეტი მიმდევრობის არაა. წარსულში მომხდარი მოვლენები გონებაში არა ერთიან ჯაჭვად, არამედ ერთმანეთისგან გამიჯნულ, მნიშვნელოვან მომენტთა თანმიმდევრობად გვებეჭდება. ეს მენტალური სტრუქტურა ჩვენს გამოცდილებას სიაშკარავეს მატებს და კონტექსტის აღქმაში გვეხმარება.
ერთი შეხედვით, მოვლენების ერთმანეთისგან გამიჯვნას მრავალმხრივი სისტემა უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ რთულ დავალებას ტვინის პატარა უბანი ასრულებს.
გამოცემა Neuron-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში კალიფორნიისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ფსიქოლოგებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათი თქმით, ტვინის ღეროში მდებარე ნეირონების მცირე ჯგუფი, სახელად locus coeruleus (ცისფერი ლაქა), მნიშვნელოვან ცვლილებებზე რეაგირებისას "მეხსიერების გადატვირთვის ღილაკივით" მოქმედებს.
"როგორ ხვდება ტვინი, თუ როდის დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი მოგონება და როდის იწყება შემდეგი? კვლევამ აჩვენა, რომ სტაბილურ გარემოში ყოფნისას მეხსიერება მიმდევრობით გამოცდილებებს ერთმანეთთან აკავშირებს. კონტექსტის მუდმივი ცვლილებისას კი მოგონებებს ცალკეულ მოვლენებად აღვიქვამთ", — ამბობს კვლევის ავტორი, დეივიდ კლუეტი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინის ცისფერი ლაქა ყველაზე აქტიური რაიმე მოვლენის დასაწყისში ან დასასრულშია. ასეთ მომენტებს მეცნიერებმა "მოვლენის საზღვრები" უწოდეს. ტვინის ამ მცირე უბანს, შესაძლოა, ჩვენი აზრებისა და მოგონებების ერთმანეთისგან განცალკევების ფუნქცია ჰქონდეს.
კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგებმა 32 ადამიანის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი მათ მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების პროცესში ნეიტრალური ობიექტების სურათებს აჩვენებდნენ. კონტექსტური ცვლილების გასამძაფრებლად მონაწილეებს მარჯვენა ან მარცხენა ყურში ჩუმ და მოკლე ბგერებს ასმენინებდნენ. ერთნაირი ბგერის რვაჯერ მიყოლებით მოსმენა გონებაში განგრძობითი და უწყვეტი მოვლენის განცდას ქმნიდა. ამის შემდეგ ბგერის ცვლილებით მონაწილეებს კონტექსტის ცვალებადობისა და "მოვლენის საზღვართან" ყოფნის აღქმა უჩნდებოდათ.
"მოვლენის საზღვართან" ყოფნისას ტვინი ნეირონულ გადატვირთვას იწყებს, რითაც იგი უკვე მომხდარ და ჯერ კიდევ მოსახდენ მოვლენებს მიჯნავს. კვლევამ აჩვენა, რომ locus coeruleus-ის გააქტიურება ჰიპოკამპუსში აქტივობის მკვეთრ ცვლილებასთან პირდაპირ კავშირში იყო. ის ტვინის რეგიონია, რომელიც ახალი მოგონებების ჩამოყალიბებასა და კონტექსტური ინფორმაციის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ცისფერი ლაქა მოვლენების ერთმანეთისგან განცალკევებასთან ერთად ჰიპოკამპუსს ახალი მოგონებების სათანადოდ გააზრებაშიც ეხმარება.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ locus coeruleus-ის ეს ფუნქცია, სავარაუდოდ, ჩვენი ყურადღების მართვაშიც მონაწილეობს. როცა ტვინი კონტექსტის ცვლილებას აღიქვამს, იგი ახალ გარემოზე კონცენტრირებას იწყებს. მაგალითად, თუ თქვენ წიგნს კითხულობთ და უცებ ოთახში სხვა ადამიანი შემოვა, ცისფერი ლაქის აქტივობა მკვეთრად გაიზრდება, რაც ტვინს გარემოებების ცვლილებაზე მიანიშნებს. ეს ბუნებრივი მექანიზმი რეალობასთან კავშირის დამყარებასა და ახალი ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება.
ამ შედეგებს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ისინი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ არის რთული გარემოს მუდმივი შეცვლისას ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. ამ უბნის უკეთ შესწავლამ შეიძლება სწავლის პროცესში ახალ მიდგომებსაც ჩაუყაროს საფუძველი. ასევე, მეცნიერები მეხსიერების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის თერაპიული პროგრამების შექმნაში უკანასკნელი კვლევის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
"მძიმე დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების გაჩენისთვის უფრო ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი კვლევების ჩატარება უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, ტვინის ერთ-ერთ ყველაზე პატარა უბანს ჩვენი ცხოვრების აღქმასა და გაგებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდეს", — ამბობს კლუეტი.
locus coeruleus-ის ფუნქციის უკეთ გაგებამ შეიძლება ალცჰაიმერისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის გზების აღმოჩენისკენაც გვიბიძგოს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთი გრძელვადიანი და ეფექტიანი გზების მოძიება დამატებით კვლევებს საჭიროებს.