რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამკვეთის კვალზე გავიდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გახმაურებული საქმის დეტალები გაასაჯაროვა.
შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სამი პირია დაკავებული, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
„კურიერისთვის“ დაკავებულების ვინაობა ცნობილია. ირკვევა, რომ ბიზნესმენის მკვლელობის შემკვეთები ძმები მიქაძეები არიან. გიორგი მიქაძეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები თბილისის ერთ-ერთ უბანში ვაკეში, სახლთან ახლოს დაადეს, მისი ძმა დავით მიქაძე კი ახლა მიმალვაშია და საზღვარგარეთ იმყოფება. ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც ირკვევა, რომ გამოძიება დანაშაულის ორგანიზებას ედავება.
როგორ მოქმედებდნენ ბრალდებულები, დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე და რა მოხდა 14 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დეტალები განმარტეს. გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაციის დაორგანიზება სთხოვეს. ეძებდნენ ისეთ პირს, რომელიც ბიზნესმენს სასიკვდილოდ გაიმეტებდა, დავალებას ჯოხაძის დაცვის წევრი გელა უძილაური დათანხმდა. შემსრულებელმა 14 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისში რამდენიმე საათით ჩამოსულ ლევან ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა და მოკლა. უძილაური პოლიციამ მალევე დააკავა და მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაკავებულია ასევე 28 წლის მამაკაცი, ვის სახელზეც წარსულში დანაშაულის იარაღი იყო რეგისტრირებული.
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობის მოტივიც დაადგინეს. გამოძიებით ირკვევა, რომ ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან, ბიზნესსაქმიანობის გამო იყვნენ დაპირისპირებულები.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთების და ორგანიზატორების კვალზე, პოლიცია ოპერატიული, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად გავიდა. გაშიფრულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.
მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.
გახმაურებული მკვლელობა 14 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე7-9 ნომრების სიახლოვეს მოხდა. ლევან ჯანგველაძეს, ხალხმრავალ ადგილას მაშინ ესროლეს, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდებოდა. 14 გასროლიდან, ტყვია მოხვდა ჯანგველაძის პირად მძღოლსაც. გია ჩადუნელი დაიჭრა. დამნაშავე კი ადგილიდან გაიქცა. თბილისი ცენტრში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტი, ქუჩაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე 5 პირია დაკავებული, ორს ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ბიზნესმენის შეკვეთით მკვლელობისთვის სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.