მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოების წინააღმდეგ ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

საწოლის ბაღლინჯო

კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საწოლის ბაღლინჯოებთან ბრძოლის ახალი გზა აღმოაჩინეს.

კვლევის მიხედვით, გავრცელებული სახეობა — Cimex lectularius — ერიდება წყალსა და სველ ზედაპირებს, რაც შესაძლოა პრაქტიკულად გამოსადეგი აღმოჩნდეს მათი გავრცელების შეზღუდვისთვის.

საწოლის ბაღლინჯოები ბოლო 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომრავლდნენ, რაც ძირითადად ქიმიური პესტიციდების მიმართ განვითარებულ რეზისტენტობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მათი კონტროლის ახალი მეთოდების ძიება აქტუალური საკითხია.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბაღლინჯოები თავს არიდებენ სველ გარემოს. როგორც აღმოჩნდა, წყლის ზედაპირთან შეხებისას მწერები ზედაპირს ეწებებიან, ხოლო მათი მცირე სასუნთქი გზები შესაძლოა დაიბლოკოს, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მიგნება შემთხვევით, ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს გაკეთდა. მკვლევრები აკვირდებოდნენ ბაღლინჯოების ქცევას, როდესაც ისინი სისხლით გამოკვებას ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასველებულ ზედაპირზე საკვები უფრო ხელმისაწვდომი იყო, მწერები მაინც ერიდებოდნენ ასეთ ადგილებს. შემდგომმა ექსპერიმენტებმაც დაადასტურა, რომ ისინი წყალში დასველებულ ზედაპირებს სისტემატურად გაურბიან, სქესისა და ასაკის მიუხედავად.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს აღმოჩენა პრაქტიკაში შეიძლება გამოყენებულ იქნას — მაგალითად, სველი ბარიერების შექმნით ბაღლინჯოების გადაადგილების შესაზღუდად.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Journal of Ethology.