მეცნიერებმა ძველი ეგვიპტელის სრული გენომის სეკვენირება პირველად მოახერხეს

მეცნიერება

ფრენსის კრიკის ინსტიტუტის და ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის მკვლევრების გუნდმა 4 500 წლის წინ მცხოვრები ძველი ეგვიპტელის სრული გენომის სეკვენირება მოახერხეს.

საუბარია სოფელ ნუვაირატში, კლდეში ნაკვეთ საფლავში, თიხის სასახლეში დაკრძალულ ადამიანზე. ის მესამე და მეოთხე დინასტიებს შორის პერიოდში, ძველი სამეფოს ჩამოყალიბების ხანაში ცხოვრობდა, პირველი პირამიდებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ეპოქაში.

მანამდე მეცნიერებს მხოლოდ სამი ძველი ეგვიპტელის დნმ-ი ჰქონდათ აღდგენილი, ისიც ნაწილობრივ, რადგან ცხელი კლიმატი და მუმიფიცირების პროცესი გენეტიკური მასალის შენახვას ხელს არ უწყობს. ამჯერად კი მათ კარგად შენარჩუნებული დნმ-ის ამოღება კბილიდან შეძლეს და ძველ ეგვიპტეში მცხოვრები ადამიანის გენომი სრულად პირველად გაშიფრეს.

ძვლების შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქმე 30 წლის ასაკში გარდაცვლილ კაცთან აქვთ, რომლის ჩონჩხიც 1902 წლიდან ლივერპულში, მსოფლიო მუზეუმში ინახება. გენეტიკურმა ანალიზმა კი დაადგინა, რომ მისი გენომის 80% ჩრდილოეთ აფრიკის პოპულაციას უკავშირდება, დანარჩენი 20% კი შუამდინარეთს. ეს ადასტურებს, რომ ეგვიპტეს კულტურულ და სავაჭრო კავშირებს დასავლეთ აზიასთან გენეტიკური საფუძველიც ჰქონდა. აქამდე ასეთი კონტაქტების გენეტიკური მტკიცებულებები არ არსებობდა.