„რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორემ კი, ბრალდებულისთვის იარაღის წართმევა შეძლო...“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პოლიციის სირენა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.