„ერთი დაღუპული 12 წლის ბიჭია...“ - საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
1750950087
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში Wellcome Trust ადამიანის ხელოვნურ დნმ-ზე მუშაობა დაიწყეს. საკამათო პროექტის მიზანი ადამიანის სიცოცხლის საწყისი ბლოკების ნულიდან შექმნაა, რაც, როგორც ითვლება, მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა.
მკვლევრები ამ დრომდე ამ მიმართულებით მუშაობისგან ეთიკური მიზეზების გამო თავს იკავებდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ ამან შესაძლოა ბავშვების გენეტიკური „დაპროექტების“ სურვილი ან მომავალი თაობებისთვის მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. თუმცა ახლა ფონდში გადაწყვიტეს, რომ პროექტი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ზიანის. პროექტის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე £10 მილიონს შეადგენს.
კემბრიჯში მდებარე მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორმა ჯულიან სეილმა, რომელიც პროექტში მონაწილეობს, BBC News-ს განუცხადა, რომ ეს კვლევა ბიოლოგიაში „შემდეგი გიგანტური გარღვევაა“.
„ჩვენ ვეძებთ თერაპიებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს ასაკთან ერთად, რაც ჯანსაღ დაბერებას და ნაკლებ დაავადებას ნიშნავს. ჩვენი მიზანია ამ მეთოდის გამოყენებით შევქმნათ დაავადებების მიმართ მდგრადი უჯრედები, რითაც შევძლებთ დაზიანებული ორგანოების - მაგალითად ღვიძლის, გულის ან იმუნური სისტემის - აღდგენას“, - აღნიშნა მან.
თუმცა, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს კვლევა გზას გაუხსნის არასაიმედო მკვლევრებს, რომელთაც სურვილი ექნებათ შექმნან „გაუმჯობესებული“ ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანები.
ყოველი უჯრედი ჩვენს სხეულში შეიცავს მოლეკულას, რომელსაც დნმ (DNA) ჰქვია და რომელიც მასში არსებულ გენეტიკურ ინფორმაციას ინახავს. დნმ-ი შედგება მხოლოდ ოთხი პატარა ბლოკისგან - A, G, C და T, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით ბევრჯერ მეორდება. გასაოცარია, მაგრამ სწორედ ამ ბლოკებშია ჩაწერილი მთელი გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს, როგორები ვართ ფიზიკურად.
ადამიანის გენომის პროექტმა მეცნიერებს ადამიანის ყველა გენის წაკითხვის საშუალება მისცა. ეს კვლევა კი, რომელსაც ე.წ. სინთეზური ადამიანის გენომის პროექტი (Synthetic Human Genome Project) დაარქვეს, მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დნმ-ის მოლეკულა ნულიდან შექმნან.
მეცნიერების პირველი მიზანია შეიმუშაონ მეთოდები, რომლებიც მათ თანდათან უფრო დიდი ზომის დნმ-ის ფრაგმენტების შექმნის საშუალებას მისცემს - მანამ, სანამ სრულად სინთეზურად ერთ სრულ ადამიანურ ქრომოსომას არ ააწყობენ.
შემდეგ მეცნიერები ამ ქრომოსომებზე დაკვირვებას და ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ, რათა უკეთ გაიგონ, როგორ არეგულირებენ გენები და დნმ-ი ჩვენი სხეულის ფუნქციონირებას.
ბევრი დაავადება მაშინ იჩენს თავს, როცა გენები დარღვევით ფუნქციონირებს, ამიტომ ეს კვლევები, შესაძლოა, უკეთესი მკურნალობების შემუშავების საფუძველი გახდეს.
პროექტი მხოლოდ ლაბორატორიულ გარემოში წარიმართება და სინთეზური სიცოცხლის შექმნას არ ითვალისწინებს. თუმცა ტექნოლოგია მკვლევრებს ადამიანის ბიოლოგიური სისტემებზე უპრეცედენტო კონტროლის საშუალებას მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიზანი სამედიცინო სარგებელია, მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ მათ არაკეთილსინდისიერ კოლეგებს არაფერი შეუშლის ხელს ამ ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებაში.
ედინბურგის უნივერსიტეტის ცნობილი გენეტიკოსის, პროფესორ ბილ ერნშოუს თქმით, შესაძლოა, მეცნიერებმა სცადონ ბიოლოგიური იარაღის, „გაუმჯობესებული“ ადამიანების ან თუნდაც არსებების შექმნა, რომლებიც ადამიანის დნმ-ს შეიცავენ.
„ჯინი უკვე გამოშვებულია ბოთლიდან. ახლა კი შეიძლება შემოვიღოთ გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ თუ რომელიმე ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი ტექნოლოგია და აპარატურა აქვს, გადაწყვეტს რამის სინთეზს, არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ ამის შეჩერებას“, - განუცხადა მან BBC-ს.