კვლევა: ატლანტის ოკეანეს ქვეშ მეგა-მიწისძვრების ზონა ფორმირდება

ატლანტის ოკეანე

ატლანტის ოკეანის ფსკერზე ახალი ტექტონიკური ნასხლეტი ყალიბდება, რამაც შეიძლება მეგა-მიწისძვრები და ცუნამი გამოიწვიოს, - აღნიშნულია ჟურნალში Nature Geoscience გამოქვეყნებულ კვლევაში.

ატლანტის ოკეანე დიდი ხნის განმავლობაში მშვიდ რეგიონად ითვლებოდა, თუმცა პორტუგალიაში, რომელიც ნასხლეტების ზონებისგან მოშორებით მდებარეობს, ძლიერი მიწისძვრები არაერთხელ მოხდა. მაგალითად, 1775 წელს ლისაბონში 8.7 მაგნიტუდის ბიძგების და შემდგომი ცუნამის შედეგად ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. 1969 წელს კიდევ ერთი ძლიერი, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ მაშინ დაფიქრდნენ მეცნიერები პირველად ამ დაბლობზე სეისმური აქტივობის მიზეზებზე.

გეოლოგების თქმით, 1969 წლის მიწისძვრის დროს პორტუგალიაში სუბდუქციის ზონისთვის (ლითოსფერული ფილების შეერთების საზღვარი) დამახასიათებელი ნიშნები დაფიქსირდა. თუმცა, თავად ეს ზონა იქ არ არსებობს. უახლესი ანალიზისას ლისაბონელმა გეოლოგმა ჟოან დუარტემ და მისმა გუნდმა შეადარეს პორტუგალიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე აბისალური ვაკის სეისმური მონაცემები და კომპიუტერული მოდელები. მეცნიერებმა მანტიის განშრევების მტკიცებულებები იპოვეს.

გეოლოგები ამტკიცებენ, რომ მილიონობით წლის განმავლობაში წყალი ქანებში იჟონება, რაც მათ ასუსტებს. ამგვარად, ატლანტის ოკეანეში ახალი სუბდუქციის დიდი ზონა ყალიბდება, რომელიც მომავალში მეგა-მიწისძვრებს, ცუნამებს და ლითოსფერული ფილების გადანაცვლებას გამოიწვევს. შედეგად, შესაძლოა აფრიკა, ევროპა და ამერიკა ერთ სუპერკონტინენტად გაერთიანდეს.

„ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ძლიერი მიწისძვრა, მაგრამ ვიცით, რომ ის აუცილებლად მოხდება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადეს გეოლოგებმა