„სუხიშვილები“ ინფორმაციას ავრცელებს
1751747334
პლანეტა დედამიწა - ერთადერთი ციური სხეული, რომელზეც სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი. რამდენიმე სანტიმეტრით უფრო ახლოს მზესთან, და დედამიწაზე გაუსაძლისი სიცხე იქნებოდა, რამდენიმესანტიმეტრიანი დაშორება კი უსასრულო ყინვებს გამოიწვევდა. ჩვენი პლანეტის 23,5 გრადუსიანი დახრა განაპირობებს სიცოცხლისთვის შესაფერის საჭირო დეტალებს. ეს ყველაფერი 3 მილიარდზე წელზე მეტია უცვლელად გრძელდება, თუმცა კოსმოსში ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთქმედებაშია და ყველაზე უცვლელი კანონზომიერებაც, ადრე თუ გვიან, შეიცვლება.
უკვე მრავალი საუკუნეა, რაც დედამიწა ერთი სრული ბრუნის შესრულებას 86 400 წამს, ანუ 24 საათს ანდომებს, თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს. რა გავლენას იქონიებს ეს მოვლენა ჩვენს ეკოსისტემაზე, ამის გასარკვევად აბასთუმნის ობსერვატორიას ვესტუმრეთ.
ასტრონომებმა მოიკვლიეს, რომ ივლისსა და აგვისტოში დედამიწის ბრუნვის სიჩქარე 1,51 მილიწამით მოიმატებს. ეს მოვლენა 9 და 22 ივლისს მოხდება, ასევე 5 აგვისტოსაც, თუმცა ადამიანისთვის ეს შეუმჩნევლად ჩაივლის. შედარებისთვის, თვალის დახამხამებას ჩვენ 100 მილიწამს ვანდომებთ.
"ეს არის დედამიწის ბრუნვის ვარიაცია, რომელიც, ამ შემთხვევაში, ეს 3 დღე დაკავშირებულია მთვარის დედამიწიდან უფრო დიდი დაშორებით, ვიდრე ნორმალურია, ანუ დაახლოებით 12.900 კილომეტრით უფრო შორს არის საშუალო ნიშნულთან შედარებით მთვარე და ამ დღეებში განსაკუთრებით მაქსიმუმს აღწევს მთვარის დაშორება დედამიწის ეკვატორიდან. სწორედ ეს ამ ეგრეთ წოდებული ტიდალური ძალების ზემოქმედების გამო დედამიწა სულ ოდნავ, 1,51 მილიწამით უფრო ნაკლებ დროს მოანდომებს საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას," - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.
თუმცა ეს მოვლენა დედამიწის ზოგადი ტენდენციის საპირისპიროა. მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა აუცილებლად გაიზრდება. ადამიანებს 24-დან 25 საათიან დღე-ღამეზე მოუწევთ გადაწყობა. ამასაც აქვს თავისი ახსნა, ჩვენი თანამგზავრი მთვარე წელიწადში 3-4 სანტიმეტრით გვცილდება. ეს კი მიზიდულობის ძალით არის გამოწვეული. დედამიწის გრავიტაცია მზესთან შედარებით ვერაფერს გახდება, ამიტომაც მზე მთვარეს ნელ-ნელა თავისკენ იზიდავს.
"დედამიწა ანელებს თავის ბრუნვას. მერე გახდება 25 საათი, როდის იქნება, არ ვიცით. ეს კი გამოწვეულია მთვარის დაშორებით. დაბრუნება ამ შემთხვევაში, მთვარე წავიდეს და მერე მობრუნდეს, ეგეთი არ იქნება. მთვარე წავა, წავა და მერე, როგორც ჩვენი თანამგზავრი აღარ იარსებებს. მზე უფრო გადაიჭერს, ვიდრე დედამიწა და გახდება მზის ჩვეულებრივი ერთ-ერთი ჯუჯა პლანეტა," - განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.
იმისათვის, რომ ჩვენს ასტრონომებს კოსმოსში მიმდინარე არცერთი მნიშვნელოვანი პროცესი არ გამორჩეთ, ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უკვე აიგო უახლესი გუმბათი. მასში კი ულტრათანამედროვე, ავსტრიული წარმოების, ავტომატიზებული და კომპიუტერით მართვადი ტელესკოპია განთავსებული.
"ძალიან მაღალი სიზუსტის ფოტომეტრიული მასალის მიღება შეიძლება. მეორე ეს არის სავარსკვლავო სპექტროგრადი, რომლის მსგავსი ვარსკვლავებისათვის ობსერვატორიაში არ გვქონია. პირველი შედეგები მართლაც აღმაფრთოვანებელია. საკმაოდ მაღალი სიზუსტით, კარგ ხარისხით შესაძლებელია შორეული ვარსკვლავების, ვარსკვლავთა სისტემების ზუსტი პარამეტრების განსაზღვრა," -ამბობს თეიმურაზ კვერნაძე.