ჩვილის ტირილი ზრდასრულებში ტემპერატურის მატებას იწვევს - ახალი კვლევა

ჩვილის ტირილი

თუ ბავშვის ტირილისას სახეზე სიმხურვალეს გრძნობთ, ეს მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არ ხდება. ახალი კვლევის მიხედვით, ბავშვების ტირილი — განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ტკივილს აღნიშნავს — ზრდასრულებში სახის სიწითლესა და სიმხურვალეს იწვევს.

ჩვილები ხშირად ტირიან. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მათ საუბარი ჯერ არ შეუძლიათ და დისკომფორტზე ასე გვატყობინებენ. მეტიც, ჩვილის ტირილი განსხვავდება ხარისხითა და ინტენსივობით — სერიოზული დისკომფორტის ან ტკივილის დროს ბავშვი ხმას უფრო ქაოსურად და ძლიერი ინტენსივობით გამოსცემს, ვიდრე ჩვეულებრივი პატარა უკმაყოფილების დროს.

ტკივილისგან გამოწვეული ტირილი ფიზიოლოგიურად განსხვავებულია. ასეთ დროს ჩვილის მკერდის კუნთები ძლიერად იკუმშება, რის შედეგადაც ჩნდება მრავალტონიანი, არეული ხმები, რომლებიც ცნობილია როგორც nonlinear phenomena (NLPs).

"NLP-ები ბავშვის სტრესისა და ტკივილის დონეების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. ჩვენი შედეგები უთითებს, რომ NLP-ის დონე ზრდასრულებში სახის თერმული რეაქციის დინამიკას განსაზღვრავს", — აღნიშნა ჟან მონეს უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლენი ლეგომ.

ჩვილის მეურვეები, როგორც წესი, ჩვეულებრივი დისკომფორტისგან გამოწვეულ ტირილსა და სერიოზული ტკივილისგან გამოწვეულ ტირილს ერთმანეთისგან ასხვავებენ. მეორე მხრივ, არ არის დადგენილი, თუ როგორ ვახერხებთ ამას ზრდასრულები.

ჟან მონესა და სენ-ეტიენის უნივერსიტეტის მკვლევრებს აინტერესებდათ, როგორ მოქმედებს ეს ხმები ზრდასრულთა ნერვულ სისტემაზე.

მკვლევრებმა ჩვილის ტირილის ხმები 41 მონაწილეს (21 კაცი და 20 ქალი) მოასმენინეს. კვლევის მონაწილეებმა სულ 16 ჩვილის ტირილის ხმა მოისმინეს, ნაწილი აქედან უბრალოდ ბანაობისას იყო ჩაწერილი, დანარჩენი კი ინიექციის გაკეთების დროს განცდილი ტკივილისას.

თერმულმა კამერამ კვლევის მონაწილეების სახის ტემპერატურის ცვლილებები დააფიქსირა. ამ ზონაში სიცხის მატება დაკავშირებულია ავტონომიური ნერვული სისტემის რეაქციასთან — ეს არის ნერვული სისტემის ის ნაწილი, რომელიც ძირითადად შეუცნობლად მართავს სხეულის შიდა ფუნქციებს — მაგალითად, გულისცემას, სუნთქვასა და საჭმლის მონელების სისტემას.

ხმების მოსმენის შემდეგ, მონაწილეებმა ისიც აღნიშნეს, არჩევდნენ თუ არა ბავშვის ტირილის სიმძაფრეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვის ტკივილის სიმძაფრე პირდაპირ იყო დაკავშირებული ზრდასრულების სახის ტემპერატურასთან — ჩვილის მძაფრი ტირილი მსმენელებში სახის ტემპერატურას მნიშვნელოვნად ცვლიდა. ტირილზე მსგავსი რეაქცია თანაბრად შეინიშნებოდა როგორც კაცებში, ისე ქალებში.

კვლევა ჟურნალ The Royal Society Interface-ში გამოქვეყნდა.