1750446272
ალცჰაიმერის მკურნალობაში გარღვევაა - მეცნიერების მოულოდნელი აღმოჩენა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაწლავის ბაქტერიების ერთ ტიპს აქვს სხვადასხვა ტიპის ცილებთან რეაქციის უნარი. ეს დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზის - ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის ახალ პერსპექტივებს ხსნის, წერს Independent.
ბაქტერია Helicobacter pylori ცნობილი იყო, როგორც კუჭის წყლულის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. თუმცა, ახლა აღმოაჩინეს, რომ ის შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების, დემენციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიის საფუძველიც გახდეს.
ალცჰაიმერის დაავადება ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ცნობილია, რომ მას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მათ შორის ტვინის უჯრედებში ცილის დაგროვება, რაც ნეირონებს შორის კავშირებს არღვევს. დაავადებას ძირითადად მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ მკვდარი ცილის ნაწილობრივ მოცილებას. თუმცა, ეს მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი და არ უწყობს ხელს ნეირონული კავშირების აღდგენას. გარდა ამისა, პრეპარატებს აქვთ სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სისხლდენა და ტვინის შეშუპების საფრთხე.
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ნაწლავის ბაქტერიიდან შესაძლებელია ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ ტვინის უჯრედებიდან ცილოვანი ფოლაქების მოცილებას. არსებული პრეპარატებისგან განსხვავებით, ბაქტერიაზე დაფუძნებული პრეპარატი მთლიანად შლის ცილებს.
კაროლინსკას ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი გეფეი ჩენი თავისი კვლევის ახსნისას ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა ალცჰაიმერის მკურნალობის ახალი სტრატეგია შექმნას ტვინის უჯრედების სრული გაწმენდით და დაავადების ადრეულ სტადიაზე დაბლოკვით.
უფრო მეტიც, მეცნიერები მზად არიან უფრო შორს წავიდნენ. ჯერჯერობით, ლაბორატორიულ პირობებში, ისინი სწავლობენ, თუ როგორ შეუძლიათ ბაქტერიულ ფრაგმენტებს პარკინსონის დაავადების და მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობაში დახმარება. ორივე ეს დაავადება დაკავშირებულია ტოქსიკური ცილოვანი ნაერთების დაგროვებასთან.
კვლევის ავტორები დასძენენ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ საკმარისი მონაცემები დაგროვდება დაავადებების მკურნალობის რეალურ ექსპერიმენტებზე გადასასვლელად. თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ Helicobacter pylori-ის უნარს უზარმაზარი თერაპიული პოტენციალი აქვს.